“უვიზო მიმოსვლის შეჩერებით აშანტაჟებენ საქართველოს მოქალაქეებს; 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს მიდგომას ევროკავშირში არავინ არ გაიზიარებს” – მაკა ბოჭორიშვილი

“რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ამით რეალურად აშანტაჟებენ საქართველოს მოქალაქეებს. ანუ საქართველოს მოქალაქეებს აშინებენ იმით, რომ გარკვეული ზომები შეიძლება გამოიყენონ მათ წინააღმდეგ, რაც ერთგვარად არის ევროკავშირის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია. თითქმის 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს მიდგომას ევროკავშირში არავინ არ გაიზიარებს და არ მოხდება იმგვარად, რომ საქართველოს მოსახლეობა დასაჯონ რაიმე სახით”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი არ იზიარებს ამ პოზიციებს.

„დაველოდოთ 16 დეკემბრის განხილვებს. ვიცით და ვხედავთ, რომ ზოგიერთ წევრ ქვეყანას აქვს დაუფარავად, საკმაოდ აგრესიული პოზიციები და ამას აჟღერებენ კიდეც საქართველოსთან მიმართებით, თუმცა, ისიც ვიცით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი არ იზიარებს ამ პოზიციებს. ასე, რომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. დაველოდოთ იმ განხილვებს, რა განხილვებიც უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და იმ გზავნილებს, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ ბრიუსელიდან და რომლის ფარგლებშიც ჩვენ მოგვიწევს შემდგომ ბრიუსელთან მუშაობა.

არის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ქვეყნები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ბევრად უფრო კრიტიკულები არიან საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თუმცა ევროკავშირში 27 ქვეყანაა და გადაწყვეტილებები ერთსულოვნად მიიღება, როდესაც საქმე ეხება მაგალითად სანქციებს ან სხვა სადამსჯელო ღონისძიებებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები