ბოჟაძე – სუს-ის განცხადებაზე: სახელმწიფო არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი, რომ კარგად გააცნობიეროს, რა ინტერესები აქვს რადიკალურ ოპოზიციას
“ეს არის პრევენციული ხასიათის და მიმართულია სწორედ საზოგადოებისკენ”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა და სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში დესტაბილიზაცია იგეგმება.
მან მოქალაქეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.
„მინდა მოქალაქეებს მოვუწოდო, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს მათ აქვთ უფლება გააპროტესტონ ის, რასაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, თუმცა უნდა დარჩნენ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ის, რომ ოპოზიციას სჭირდება მეტი რადიკალიზაცია, მეტი დაშავებული, მეტი სისხლი და შესაძლოა მსხვერპლიც კი, რომ ამას მოჰყვეს კიდევ უფრო მეტი ადამიანის პროტესტი და კიდევ უფრო მეტი ადამიანის გამოყვანა ქვეყანაში, ესეც იცით, რომ „ფერადი რევოლუციების“ ტექნოლოგიაა, მაიდანის ტექნოლოგიაა და რა თქმა უნდა, საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ფრთხილად“, – აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.