შოლცი და მაკრონი მზად არიან ითანამშრომლონ მეამბოხეებთან, რომლებმაც სირიაში ასადის რეჟიმი დაამხეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ მზად არიან ითანამშრომლონ მეამბოხე ჯგუფებთან, რომლებმაც სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს.

ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში, რომელიც მაკრონისა და შოლცის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები „შეთანხმდნენ, რომ მზად არიან, იმუშაონ ახალ ლიდერებთან ერთად ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვის საფუძველზე“.

მათ ასევე დადებითად შეაფასეს ასადის გადაყენება, რომელმაც, მათი თქმით, „სირიელ ხალხს საშინელი ტანჯვა, ქვეყანას კი უზარმაზარი ზიანი მიაყენა“.

კანცლერმა შოლცმა და პრეზიდენტმა მაკრონმა ხაზი გაუსვეს სირიის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ორივე მხარე შეთანხმდა, ერთობლივად იმუშაონ სირიაში ევროკავშირის ჩართულობის გასაძლიერებლად.

ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. გუშინ ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია. პუტინმა ასადისთვის ჰუმანიტარული თავშესაფრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები