“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში” – ალექსანდრე დარახველიძე

“მარტივი ანალიზიც კი ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული ძალადობის წამახალისებელი და განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება, ყოფილიყო დაუსჯელობის განცდა, რაც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს სწორედ სახის დაფარვისა და იდენტიფიცირების შეუძლებლობა უჩენდათ”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ცალსახად შესაძლოა, უკავშირდებოდეს იმ წინასწარ მომზადებას და სწავლებას, რომელიც აქციის მონაწილეებმა გაიარეს.

“დასკვნის საფუძველს გვაძლევს ასევე წინა წლების პრაქტიკა, როდესაც მოძალადე ჯგუფების სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა ვერ მოხერხდა შენიღბული მოძალადე ჯგუფების ამოცნობის შეუძლებლობის გამო.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას რომ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ვალდებულებას წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა როგორც საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება, ასევე შეკრება-მანიფესტაციების დროს მოძალადე ჯგუფების დროული იდენტიფიცირება, მათი გამოვლენა და დასჯა, რაც საბოლოო ჯამში შეკრება მანიფესტაციების დროს დანაშაულის პრევენციას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, შეკრება-მანიფესტაციებზე ე.წ. ნიღბების აკრძალვის თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ შეკრება-მანიფესტაციების დროს ნიღბებისა და იმგვარი სამოსის ტარების აკრძალვა, რომელიც გამორიცხავს პირის იდენტიფიცირებას, არაერთ ევროპულ ქვეყანაში მოქმედ პრაქტიკას წარმოადგენს.

მაგალითისათვის, გერმანიაში 1985 წლიდან მოქმედებს მსგავსი კანონი. ასევე, აქციის ფარგლებში ნიღბების აკრძალვის კანონი მოქმედებს ავსტრიაში, კანადაში, იტალიაში, ესპანეთსა და ბელგიაში. ასევე, არაერთ ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია საჯარო სივრცეში სხვადასხვა ფორმით სახის დაფარვა.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე გამართული აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი.

ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დანარჩენი პირების მიმართ აქტიურად გრძელდება სასამართლო განხილვები.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის შეკრება-მანიფესტაციის უფლება”, – განაცხადა დარახველიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები