“მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა” – ალექსანდრე დარახველიძე
“28 ნოემბრიდან დღემდე აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა არაერთი დანაშაულებრივი ქმედება. მათ შორის, ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა რუსთაველის გამზირზე მდებარე „სვაროვსკის“ მაღაზიაზე, საიდანაც შავებში ჩაცმული შენიღბული და დანით შეიარაღებული პირის მიერ გატაცებულია ძვირადღირებული ნივთები”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ასევე, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე ფაქტი: მათ შორის სავაჭრო ცენტრიდან, მაღაზიებიდან, ღია ბარებიდან, რესტორნებიდან და სუპერმარკეტებიდან.
მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, ფულადი თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვადასხვა ობიექტიდან დაფიქსირდა სხვადასხვა ინვენტარის, მათ შორის ბანკომატებისა და ჩასარიცხი აპარატების ჯერ გატაცების, შემდგომში კი მათი ბარიკადებად გამოყენების ფაქტები.
ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული პირადი ნივთების ქურდობის. მოქალაქეები და კერძო მეწარმეები აფიქსირებენ შეტყობინებებს მანქანების, მოტოციკლეტების, სქროლების, გარე ავეჯისა და ინვენტარის დაზიანების თაობაზე. დამტვრეულია და დაზიანებულია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“, ასევე მაღაზიების „ბოსის“, „თაიმისა“ და „სუფთა სახლის“ გარე ფასადები.
კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
საზოგადოებამ პირდაპირ ეთერებში იხილა, აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად როგორ ანადგურებდნენ რუსთაველის გამზირზე განთავსებულ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. რათა შემდგომში ხელი შეეშალათ პოლიციის მხრიდან დანაშაულის სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის. აღნიშნულით ზარალი მიადგა როგორც კერძო პირებს, ასევე სახელმწიფოს. ასევე, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოქალაქეებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის.
აქციის მოძალადე ჯგუფები მსგავსი ქმედებების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ პიროტექნიკას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს, ისინი შეიარაღებულნი იყვნენ სხვადასხვა საგნით: მათ შორის რკინისა და ხის ხელკეტებით, კასტეტებით, ასევე თავდასხმების განსახორციელებლად აქტიურად იყენებდნენ ე.წ. შურდულებს, რითაც დამიზნებით ისროდნენ რკინის საგნებსა და მიზანმიმართულად აზიანებდნენ როგორც საპოლიციო ტექნიკას, ასევე თავს ესხმოდნენ პოლიციელებს.
ამ ქმედებების შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი, რომლის შესახებაც სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიები, აქციის მონაწილეები და სამწუხაროდ ზოგიერთი მედია საშუალებები არ საუბრობენ და ვერც აღნიშნული ფაქტის დაგმობა ნახა საზოგადოებამ.
აქციების მიმდინარეობისას, მოძალადე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, თითქმის ყველა დაშავებულ პოლიციელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მათ დიდ ნაწილს კი ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებოდა. პოლიციის თანამშრომლების უმეტესობას აქვს სხვადასხვა სახის დამწვრობა, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში”, – განაცხადა დარახველიძემ.