“შსს გმობს ყველა სახის ძალადობას და თითოეული უწყება გააკეთებს ყველაფერს, რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით” – ალექსანდრე დარახველიძე

“მოგეხსენებათ, უკვე ათ დღეზე მეტია, აქტიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოებამ  მიმდინარე აქციების განმავლობაში არაერთი ძალადობრივი ფაქტი იხილა.

“მათ შორის, სამწუხაროდ გუშინაც დაფიქსირდა ძალადობრივი ფაქტები, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას და თითოეული უწყება გააკეთებს ყველაფერს, რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. თითოეულ ძალადობრივ ფაქტზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე შესაბამის უწყებებში დაწყებულია გამოძიება და ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აქციების მსვლელობისას საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა კანონით დადგენილ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და არ ფიქსირდებოდა ძალადობრივი ფაქტები, შესაბამისად, პოლიციას არ უწევდა კანონით გათვალისწინებული ძალის გამოყენება, არ ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების დაკავება და შეკრების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში გამოეხატათ.

თუმცა, საზოგადოება ასევე ხედავდა ისეთ შეკრებებსაც, სადაც შეკრების მონაწილეთა მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს, როგორც პოლიციელების მისამართით, ასევე დაფიქსირდა არაერთი ფაქტი მოქალაქეებთან დაპირისპირების.

ჩვენი თანამოქალაქეები ხედავდნენ ცეცხლმოკიდებულ საკანონმდებლო ორგანოს, დამწვარ და დამტვრეულ როგორც კერძო პირების, ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურას – მათ შორის სკამებს, ნაგვის ურნებს, საგზაო ნიშნებს, კარგად ჩანდა როგორ ნადგურდებოდა კერძო მესაკუთრეთა ქონება.

ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე არსებულ ერთ-ერთ შენობაზე ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი, გარე კაფე-ბარების ინფრასტრუქტურის სრული განადგურება, ასევე ვანდალურად იქნა დარბეული რუსთაველის გამზირზე არსებული მაღაზიების ვიტრინები, დარბეული და გაძარცულია მაღაზიები”, – განაცხადა დარახველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები