გიორგი ცუცქირიძე: მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა მიზანდასახული შეტევა ეროვნულ ბანკსა და საბანკო სექტორზე ოპოზიციური და მათთან აფილირებული ექსპერტების მხრიდან, ვითომდა რეზერვების შემცირებით კატასტროფა იყოს მოსალოდნელი

მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა მიზანდასახული შეტევა ეროვნულ ბანკზე და საბანკო სექტორზე ოპოზიციური  და მათთან აფილირებული ექსპერტების მხრიდან, რომლის მთელი პათეტიკა მთლიანად აგებულია მანიპულაციებზე, სადაც აქცენტები გადატანილია სავალუტო ინტერვენციების მოსალოდნელ ნეგატიურ ეფექტზე, ვითომდა რეზერვების შემცირებით კატასტროფა იყოს მოსალოდნელი, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი, რომ ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული ნოემბერშიც გამოჩნდა, როდესაც ოქტომბერში ეკონომიკის კვლავ ორნიშნა 11%-იანი ზრდის პირობებში, რეზერვებმა ზრდა დაიწყო და სებ-მა 124.5 მლნ ყიდვა მოახერხა.

„თუ როგორია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციის ზეგავლენა საბანკო-საფინანსო სექტორზე, ამის ილუსტრაციას, მიმდინარე წელს, სებ-ის მიერ საერთაშორისო რეზერვების ცვლილების დინამიკაც გვიჩვენებს. თვალსაჩინოებისათვის, ეროვნულმა ბანკმა იანვარ-აპრილის განმავლობაში რეზერვები 285 მილიონი აშშ დოლარით გაზარდა, ხოლო მაისში და ივნისში, პოლიტიკური არასტაბილურობის დროს, 220 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა მოუწია. შესაბამისად, სებ-ი რეზერვებს აგროვებდა ბაზარზე პოზიტიური კონიუნქტურისას და ყიდდა სავალუტო კურსის სტაბილიზაციის მიზნით სავალუტო აჟიოტაჟისას, რასაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საპროტესტო გამოსვლები განაპირობებდა.  სამაგიეროდ, მომდევნო ორ თვეში შედარებით პოლიტიკური სტაბილიზაციისას, რასაც თან დაერთო მაღალი ეკონომიკური ზრდა (მესამე კვარტალში ეკონომიკა 11 %-ით გაიზარდა) სებ-მა ბაზრიდან 43 მილიონი დოლარი ამოიღო და გაზარდა რეზერვები.

პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას სექტემბრიდან არჩევნების მოახლოებასთან ერთად, განსაკუთრებით ოქტომბრის ბოლოს ოპოზიციის მიერ პროცესების რადიკალიზაციის მორიგი მცდელობისას, რასაც სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟი მოჰყვა, კურსის სტაბილიზაციის მიზნით სებ-ს 600 მილიონ დოლარამდე გაყიდვა მოუწია, რასაც არაერთი სპეკულაცია მოჰყვა.

ზოგადად, მთელი ეს პერიოდი მიმდინარეობდა მიზანდასახული შეტევა ეროვნულ ბანკზე და საბანკო სექტორზე ოპოზიციური და მათთან აფილირებული ექსპერტების მხრიდან, რომლის მთელი პათეტიკა მთლიანად აგებულია მანიპულაციებზე, სადაც აქცენტები გადატანილია სავალუტო ინტერვენციების მოსალოდნელ ნეგატიურ ეფექტზე, ვითომდა რეზერვების შემცირებით კატასტროფა იყოს მოსალოდნელი.

ეს ყველაფერი, რომ ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული ნოემბერშიც გამოჩნდა, როდესაც ოქტომბერში ეკონომიკის კვლავ ორნიშნა 11%-იანი ზრდის პირობებში, რეზერვებმა ზრდა დაიწყო, და სებ-მა 124.5 მლნ ყიდვა მოახერხა მხოლოდ ერთი და არც თუ ისე მშვიდობიანი თვის განმავლობაში. შესაბამისად, სულ რამდენიმე თვე დასჭირდება სებ-ს ბაზრისთვის მიწოდებული თანხის ასანაზღაურებლად, რაც ლარის დასაცავად დაიხარჯა.

უცნაური ფენომენის მომსწრენი ვართ – როცა ეროვნული ბანკის ორი ყოფილი ხელმძღვანელი ერთმანეთს ეჯიბრება სებ-ის და საფინანსო სისტემის დისკრედიტაციაში, იქნებ და რამენაირად შეაჯანჯღარონ. თუმცა, ასეთი დამოკიდებულება მათ ავტორიტეტზე უფრო მოქმედებს ნეგატიურად. შესაბამისად, არც საკმარისი ავტორიტეტი აქვთ საამისოდ და არც სათქმელი  აქვთ რაიმე.

ბ-მა გოცირიძემ თავის დროზე ვერც კუპონი გადაარჩინა (რეალურად არც კი უცდია) და ვერც რეზერვებს დაატყო რამე ზრდა. კიდევ უფრო სკანდალურია სებ-ის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, ვგულისხმობ გიორგი ქადაგიძის მიერ, გაჟღერებული საბანკო სექტორის ერთდღიანი გაფიცვა რაც არ არის შემთხვევითი, რადგან წარმოუდგენელია მან არ იცოდეს თუ რა გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას საბანკო და საფინანსო სექტორისათვის, თითქოსდა ბანკები ყოველდღიურ ანგარიშსწორებებს მხოლოდ ლოკალურ სივრცეში ახორციელებდენ.

საბოლოოდ ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკურმა რადიკალიზაციამ საერთაშორისო რეზერვების 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირება განაპირობა. ამ კლების ფონზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სავალუტო რეზერვების შევსება, რის შესახებაც BMG-ის ეთერში განცხადება გააკეთა IMF-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა.

ნოემბრის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობაზე გავლენა მოახდინა ოქროს ფასმაც, რომელიც შემცირდა. თუკი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვებში არსებული 7.1 ტონა ოქრო 627 მილიონი დოლარი ღირდა, ნოემბრის მდგომარეობით მისი ფასი 608 მილიონ დოლარამდე შემცირდა. რომ არა ეს კლება, საქართველოს სავალუტო რეზერვები გასულ თვეში 39 მილიონის ნაცვლად 58 მილიონი დოლარით გაიზრდებოდა. აქვე აღვნიშნავ, რომ სებ-ის მიერ გასული წლის ბოლოს რეზერვების ნაწილის ოქროში განთავსებას არაერთი სპეკულაცია მოყვა, ამ დროს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ამ პრაქტიკას წარმატებით მიმართავენ და წლის დასაწყისში რეზერვების ზრდას ოქროს ფასის ზრდაც განაპირობებდა, მით უმეტეს ოქროს ფასს დროებითი კლების მიუხედავად ზრდის ტენდენცია ახასიათებს.

საერთო  ჯამში ოქროს ყიდვა სწორი და მომგებიანი ნაბიჯი იყო, რადგან ახლაც კი 108 მლნ დოლარით მეტი ღირს, ვიდრე ყიდვისას ღირდა“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები