ზვიად შალამბერიძე – პარტიების აკრძალვაზე: მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვნახავთ მაქსიმუმ 9 თვის განმავლობაში – მოვუწოდებ ყველას დაანებონ თავი სპეკულაციებს

„მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვნახავთ მაქსიმუმ 9 თვის განმავლობაში – მოვუწოდებ ყველას დაანებონ თავი სპეკულაციებს,“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „დღის ქრონიკაში” განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალში, რასაც სახელმწიფო მიიღებს ამ პარტიების აკრძალვით, იქნება ის, რომ ასპარეზი შეიძლება გაეხსნათ სხვა ოპოზიციურ ძალებს.

„სამწუხაროდ, გვიწევს ორმაგი სტანდარტის ფაქტის ხილვა, რაც არაერთხელ იყო საქართველოს მისამართით და სამწუხაროა, რომ მომავალშიც გვექნება ორმაგი სტანდარტის ფაქტების მოსმენის შესაძლებლობა. მომავალში, რასაც სახელმწიფო მიიღებს ამ პარტიების აკრძალვით, იქნება ის, რომ ასპარეზი შეიძლება გაეხსნათ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც იქნებიან ჩვენი ხელისუფლების ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც დაეხმარება ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად და წარმატებით ვმართოთ, იმიტომ რომ ჯანსაღი ოპოზიციური აზრი არასოდეს იდევნებოდა საქართველოში და არც იქნება „ქართული ოცნების“ მხრიდან აკრძალული.

ის რომ მომავალში რაღაც კრიტიკას მოვისმენთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარედან, რა თქმა უნდა არის მეორეხარისხოვანი. პირველხარისხოვანი არის ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის მოთხოვნა, რომლებიც ცალსახად გვთხოვდნენ გარკვეული ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით. რა შედეგს მივიღებთ, ამას 9 თვის შემდეგ ვნახავთ. თუმცა, ჩვენი გუნდის პრიორიტეტი არასდროს ყოფილა ოპოზიციური აზრის აკრძალვა. ჩვენ ყოველთვის ვაძლევდით საშუალებას აზრის თავისუფლად გამოეხატათ ფიზიკურ პირებს თუ ოპოზიციურ პარტიებს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ერთპარტიული მმართველობა იქნება ჩვენს ქვეყანაში. ცალსახად, „ქართული ოცნება“ მისცემს ასპარეზს იმ ჯანსაღ ძალებს, რომლებიც გადაწყვეტენ იყვნენ ოპოზიციაში, ოღონდ მივესალმებით მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღ კრიტიკას“, – აღნიშნა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები