ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემას იწყებენ

  ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის, ასევე გარდაცვლილ ვეტერანთა მეუღლეებისა და შრომისუუნარო, ოჯახის სრულწლოვანი წევრებისთვის უფასო პირადობის მოწმობების გაცემა დღეიდან იწყება. დოკუმენტს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, იუსტიციის სახლი და სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს. იუსტიციის სამნისტროს ინფორმაციით, აქცია 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ყველა ვეტერანს, გარდაცვლილი ვეტერანების მეუღლეებსა და შრომისუუნარო, ოჯახის სრულწლოვან წევრებს, რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა ჯერ არ აუღიათ, საშუალება ექნებათ, დოკუმენტი სრულიად უფასოდ მიიღონ. აქციის ფარგლებში ყველა მათგანი გათავისუფლდება როგორც დოკუმენტის, ისე ფოტოსურათის გადაღების ღირებულებისგან. დღეისათვის საქართველოში ომისა და სამხედრო ძალების 72 000-მდე ვეტერანია რეგისტრირებული. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პარალელურად მიმდინარეობს 17-დან 22 წლამდე ასაკის მოქალაქეებისა და პირობითი მსჯავრდებულებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციაც, რომელიც 24 თებერვლამდე გასტანს. პირადობის ახალი მოწმობისათვის განაცხადის გასაკეთებლად შესაბამისი კატეგორიის წარმომადგენლებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს ან სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს.
თბილისში განაცხადების მიღება წარმოებს დროებით სერვისცენტრებში შემდეგ მისამართებზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი (აღსრულების ეროვნული ბიურო); ვაჟა-ფშაველას გამზირი №1 (ეროვნული არქივი); აღმაშენებლის გამზ. №89/24, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მეტროსადგურ „მარჯანიშვილთან“); მზა დოკუმენტების მიღება კი შესაძლებელია იუსტიციის სახლში ყოველ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე. გასული წლიდან დღემდე, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პირადობის ახალი მოწმობების უფასოდ გაცემის აქცია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის პერმანენტულად ხორციელდება. აქციის ფარგლებში პირადობის უფასო მოწმობა უკვე აიღო 64 000-ზე მეტმა დევნილმა, რეგისტრაციიდან მოხსნილმა 11 000-ზე მეტმა პირმა და 32 000-მდე პედაგოგმა; 17-დან 21 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი ჯერაც მიმდინარე აქციით კი უკვე 10 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები