“დუმილის უფლება აქვს გამოყენებული და მხოლოდ ის განმარტა, რომ არის ავად”,- ამის შესახებ საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არჩილ ტუხაშვილი აცხადებს.
უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობის ბრალდება ჯერ წარდგენილი არ აქვს.
,,არაფერზე პასუხი არ გასცა გამოძიებას. ბრალი უნდა შეეცვალოს და იმ ახალ ბრალზე, რა თქმა უნდა, არ ვიცი რას იტყვის. მკვლელობის ბრალდება ჯერ წარდგენილი არ აქვს,” – აცხადებს ადვოკატი.
საქმის პროკურორის ვლადიმერ ბექიშვილის თქმით, რადგან დაზარალებული კლინიკაში გარდაიცვალა, ბრალდებულს ახალი ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წარედგინება.
“ქალბატონი 21 ნოემბერს გარდაიცვალა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გადიოდა მკურნალობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდება და მას წარედგინება უკვე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ახალი ბრალი. მას ასევე, ბრალი ედება შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის. მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება – თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულებები,” – აცხადებს საქმის პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდება. შემთხვევა საგარეჯოში, 11 ნოემბერს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მუხლი, რომლის მიხედვითაც საქმეა აღძრული, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით დანაშაულის ჩადენას გულისხმობს. დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.