პროკურორი – პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულზე: მისი მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობდა

“დასაბუთდა, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული 20 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი აცხადებს.

„ბრალდებისთვის დაცვის მხარეს რაიმე სახის შეღავათის გამოყენების მოთხოვნით არ მოუმართავს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დაკავების გადაწყვეტილება მივიღეთ და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მის მიმართ პატიმრობა მოვითხოვეთ, ვინაიდან მომეტებული რისკები არსებობდა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ.

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რა სახის ღონისძიება გამოვიყენოთ ან უნდა დაიწყოს თუ არა სისხლისსამართლებრივი დევნა, ან გამოყენებული იყოს თუ არა ალტერნატიული მექანიზმი, ეს საფრთხეების, დანაშაულის ხასიათით, ბრალდებულის პიროვნებით ფასდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომეტებულად არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მისი დაკავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – განაცხადა ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, მათე დევიძე იმ პირებს შორისაა, რომელიც სამართალდამცველებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას სხვებთან ერთად პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავებოდნენ, თუმცა,      48-საათიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, როცა ის იზოლატორიდან უნდა გაეშვათ, მუხლი შეუცვალეს და ახლა გამოძიება უკვე სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის მიმდინარეობს. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები