ვოლსკი – ოპოზიციაზე: არჩევნების წინ შეეძლოთ, ჩაეხსნათ სიები, მაგრამ ეს არ გააკეთეს იმის მოლოდინში, რომ ჰქონოდათ რესურსი, ეს ქვეყანა როგორმე აერიათ
“არჩევნების წინ შეეძლოთ, ჩაეხსნათ სიები, უარი ეთქვათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს იმის მოლოდინში, რომ ჰქონოდათ რესურსი, ეს ქვეყანა როგორმე აერიათ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ სარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებს გამოეხმაურა.
„რასაკვირველია, არჩევნების წინ შეეძლოთ, ჩაეხსნათ სიები, უარი ეთქვათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს იმის მოლოდინში, რომ ჰქონოდათ რესურსი, ეს ქვეყანა როგორმე აერიათ. მათი მიზანი არ არის კანონშემოქმედებითი საქმიანობა. კანონიც კარგად იციან – როგორც კი პარლამენტი გახდება უფლებამოსილი, მაშინაც შეიძლება შემოიტანონ სიების განულებაზე თავისი წინადადებები, მაგრამ მთელი სია უნდა გააუქმონ, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც გამსვლელების გარდა კიდევ არიან, რათა მათ არ გამოხატონ სურვილი შემოსვლისა. ანუ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ ახლახან, წარსულში რაც მოხდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.