ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ეს ბოლო წერილიც უსვამს ხაზს მათ აგენტურულ სულისკვეთებას
,,ეს ბოლო წერილიც უსვამს ხაზს მათ აგენტურულ სულისკვეთებას და მათ უსამშობლობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციური პარტიების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის სამშობლოს ინტერესები ღირებული არ არის.
„ეს ოთხი ბარიერგადალახული პარტია არის უსამშობლოთა გაერთიანება. არა მხოლოდ ეს, კარგად გახსოვთ კანდიდატის სტატუსი, უვიზო რეჟიმი, როგორ ითხოვდნენ, რომ როგორმე არც ერთი სიკეთე და ბენეფიტი არ ჰქონოდა თავიანთ ქვეყანას, იმიტომ, რომ ეს არ უნდოდათ, რომ მისწეროდა „ქართულ ოცნებას“. აი, ეს ბოლო წერილიც უსვამს ხაზს მათ აგენტურულ სულისკვეთებას და მათ უსამშობლობას, რომ მათ რეალურად არ გააჩნიათ და მათთვის არაფერს არ წარმოადგენს საქართველოში ღირებულებები და საქართველოს კეთილდღეობა და წინსვლა. მათთვის სულ ერთია, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „საქართველოსთვის“ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ. კერძოდ, შეაჩეროს ევროკავშირის დონეზე ყველა ოფიციალური კომუნიკაცია არსებულ მთავრობასთან, მათ შორის მოხდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომების გაუქმება, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის შეჩერება, ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაყინვა, სანამ „ქართული ოცნება“ არ დათანხმდება პროცესის საერთაშორისო ხელმძღვანელობით გამოძიებას, ასევე, მოხდეს ფინანსური დახმარების (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) შეჩერება მანამ, სანამ გამოძიების შედეგები ცნობილი არ გახდება.