“სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია გადაშალოს და ამოიკითხოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები” – მათიკაშვილი
“სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია გადაშალოს და ამოიკითხოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
“აქ რაღაც გეგმებს რომ ადგენს და საზოგადოებას თავის ხედვებს სთავაზობს, ვინ ჰკითხავს ჯერ მას საერთოდ ამ ყველაფერს, რადიკალების მედროშეს?! – ეს ყველაფერი, რაც სალომე ზურაბიშვილს დღეს უნდა, უნდოდა ოთხი წლის წინ, როდესაც სპეცოპერაციას გეგმავდნენ იმ ცნობილი დოკუმენტით, რაზეც “ქართული ოცნება” იძულებული იყო ხელი მოეწერა თავის დროზე და ისევ რადიკალებმა არ მოაწერეს შარლ მიშელის შეთანხმებას. მაშინვე უნდოდათ ძალიან ბევრი ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალობაში რადიკალების გაძლიერებას გამოიწვევდა. ეს არ გამოუვიდათ. დღეს, სალომე ზურაბიშვილი, ადამიანი, რომელმაც თავის დროზე მიიღო საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, დაუპირისპირდა მთელ საზოგადოებას, კონსტიტუციას, ხელისუფლებას და მისგან შემოთავაზებული გეგმები ვის რაში სჭირდება?! – რა გეგმებზეა საუბარი, ორი დღე დარჩენია მას პოსტზე. ზურაბიშვილს ნეგატივის ისეთი ტემპი აქვს აღებული და იმდენ კანონსაწინააღმდეგო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს აკეთებს, რომ ამ ორ დღეში კიდევ რაღაცებით დაგვამახსოვრებს თავს, მოასწრებს. კარგად ჩაიხედოს კონსტიტუციაში, ნახოს რისი უფლებები აქვს და ისე უთხრას საზოგადოებას გეგმების შესახებ, რომელთა მიმართებითაც იმდენად სუბიექტური და რადიკალურია, რომ ვერანაირად მისი გეგმა, სულ რომ ამის ვალდებულება გვქონდეს, ვერ დაიმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას, რადგანაც ის ავტორიტეტი, რომელიც რეალურად პრეზიდენტს უნდა გააჩნდეს, ძალიან დიდი ხანია მან გააქრო,” – აღნიშნა მათიკაშვილმა.