ხატია დეკანოიძე – გამოძიებაზე: მე კი არ უნდა დამკითხონ, არამედ ცესკოს წარმომადგენლები და ისინი, ვინც სერიოზულ სქემაში არიან ეჭვმიტანილები
“ეს პროცესი იმიტომ დაიწყეს, რომ თქვან აი, რაღაცას ვაკეთებთო – მე კი არ უნდა დამკითხონ, არამედ ცესკოს წარმომადგენლები და ის ადამიანები უნდა დაკითხონ, რომლებიც ძალიან მძიმე და სერიოზულ სქემაში არიან ეჭვმიტანილები”, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, მისთვის პროცესი სანდო არ არის.
„რადგან ეს არის დახურული სხდომა, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა იმ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც საჯარო სივრცეში და ასევე, რაც ჩემს სოციალურ გვერდზე არსებობს, პროკურორს და გამომძიებელს განვუმარტე. ამასთან, ინფორმაცია მივაწოდე მოსამართლეს, რომ ეს არის საჯარო სივრცეში ატვირთული დარღვევები. ისინი გულისხმობს ფარულობის დარღვევას, არაიდენტიფიცირებული პირების არსებობას საარჩევნო უბანთან დაკავშირებით და ა.შ. მეტ დეტალებში ვეღარ შევალ.
ჩემთვის, ეს სანდო პროცესი არ არის. ათასობით ვიდეო მტკიცებულება არსებობს სხვადასხვა პორტალზე. რა თქმა უნდა, ამ ფაქტების გამოძიება მათი პრეროგატივა და ზოგადად, შედეგზე ორიენტირებული არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, პროცესი, რომელიც იმიტომ დაიწყეს, რომ თქვან – აი, რაღაცას ვაკეთებთო. მე კი არ უნდა დამკითხონ, არამედ ცესკოს წარმომადგენლები და ის ადამიანები უნდა დაკითხონ, რომლებიც ძალიან მძიმე და სერიოზულ სქემაში არიან ეჭვმიტანილები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა.