არძინბა ოკუპირებულ აფხაზეთში სამომავლო არეულობაში პასუხისმგებლობას ბჟანიას აკისრებს
სოხუმის “ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ადგურ არძინბამ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოწოდებით მიმართა, რომ მომავალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ყველა აქტუალური საკითხი, რომელიც ყოფს ხალხს და აღელვებს საზოგადოებას, გადაიდოს.
„თუ ხელისუფლება ამას არ დათანხმდება, უახლოეს დღეებში შესაძლო შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას“, – წერს არძინბა თავის ტელეგრამაში.
“ოპოზიციონერის” თქმით, ე.წ. ხელისუფლების თანამემამულე აქტივისტების სასტიკი დაკავებით გამოხატულმა ქმედებებმა, მკვეთრად გაამწვავა სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა.
ადგურ არძინბა ასევე მიმართავს ე.წ. უშიშროების ძალებს, გამოიჩინონ თავშეკავება.
„ნუ მისცემთ უფლებას ხელისუფლებას, გამოგიყენონ იარაღად, რომელიც ხალხის ხარჯზე პიროვნული გამდიდრების მიზანს მისდევს. გახსოვდეთ, რომ ფიცი დადეთ არა პრეზიდენტის, არა ასლან ბჟანიას და მის ოლიგარქების, არამედ ჩვენი სამშობლოს წინაშე. თქვენი ლოიალობა უნდა იყოს მიმართული ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვაზე და არა ვიწრო ჯგუფის მხარდაჭერაზე, რომელიც მზად არის საერთო სიკეთე საკუთარი სარგებლისთვის შესწიროს“, – წერს არძინბა.