ლევან მაჭავარიანი: თბილისში ჩამოსულია დელეგაცია, რომლის წევრებიც უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში
“თბილისში ჩამოსულია დელეგაცია, რომლის წევრებიც უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში, არ სცემენ პატივს ჩვენს კონსტიტუციასა და გაეროს წესდებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, მოსახლეობას თავადაც შეუძლია შეაფასოს განცხადებები, რაც მათი მხრიდან აქციაზე კეთდებოდა.
„ამ დელეგაციის წევრების დიდი ნაწილი ის პოლიტიკური ფიგურები არიან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას ძალიან უხეშად არღვევდნენ, როცა ჩვენს შიდა საქმეებში ერეოდნენ, მით უფრო წინასაარჩევნო პერიოდში. სამწუხაროდ, გუშინაც ანალოგიური ვიხილეთ, როცა ოპოზიციის აქციას შეუერთდნენ. მოსახლეობას თავადაც შეუძლია შეაფასოს განცხადებები, რაც მათი მხრიდან აქციაზე კეთდებოდა. ერთ-ერთმა პარლამენტარმა პოლონეთიდან ვეღარ მოუთმინა და „მიშას“ ძახილი დაიწყო, რითაც იმის ლუსტრირება მოხდა, რომ იმართებოდა “ნაცური” აქცია. აქციაზე ერთ-ერთმა, მონაწილეებს უკრაინის მაიდნის სცენარის გათამაშებისკენ მოუწოდა. აღარაფერს ვიტყვი მიხეილ როთის განცხადებებზე, რომელიც დაკავებულია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის იდენტობის შეურაცხყოფით. როგორც მან განაცხადა, პოლიტიკას ტოვებს, მან ამ განცხადებით გული ნამდვილად არ დაგვწყვიტა. როთს საკუთარი პარტიის პოლიტსაბჭო დაატოვებინეს და შესაბამისად, მისი პოლიტიკური კარიერა სრულდება. აი, ასეთი ტიპის დელეგაცია იყო წარმოდგენილი”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა