„პროექტები, რომლებსაც საქართველო აზერბაიჯანთან ახორციელებს, ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკას ცვლის“

პროექტები, რომლებიც 1994 წლიდან იწყება და რომლებსაც საქართველო  აზერბაიჯანთან ახორციელებს,  ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკას ცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერით გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის და ბაქო-თბილის-ყარსის პროექტები  ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს და ის ხელს უწყობს როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს და თურქეთის  განვითარებას. გარდა ამისა, ეს პროექტები გლობალურად ევროპისა და აზიის კონტინენტებზე  ზეგავლენას ახდენს.
“ის პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ აზერბაიჯანთან, ცვლის ბევრ რამეს ჩვენ რეგიონში. ცვლის ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკას. ბაქო-თბილისი-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ეს ის პროექტებია, რომელიც განაპირობებს არა მარტო ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას, არამედ ზეგავლენას ახდენს გლობალურად, ევროპისა და აზიის კონტინენტებზე. მილიონობით ადამიანი და რამდენიმე სახელმწიფო ამ პროექტების მეშვეობით ეურთიერთება ერთმანეთს. რაც ხორციელდება, ახდენს გავლენას დოვლათზე, სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ზრდაზე არა მარტო ჩვენი რეგიონის, არამედ ბევრად უფრო მეტი არეალის. ახლა ეკონომიკირად უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროექტები, მაგრამ ამის გარდა,  ჩვენთვის ამ პროექტებში სერიოზული გასაღები  დევს ჩვენივე ეროვნული უსაფრთხოებისთვის,  ქვეყნის სტაბილურობისთვის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, მას და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის უაღრესად თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა.  მარგველაშვილის თქმით,  ალიევი არის გახსნილი, იუმორით აღსავსე, ძალიან თავისუფლად მოსაუბრე ადამიანი.
“ჩვენ ვისაუბრეთ დემარკაციის საკითხებზე. მე არ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემის სახით დგას. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გავააქტიუროთ მუშაობა და პრეზიდენტმა ალიევმა თქვა, რომ ამ მიმართულებით უნდა დავიწყოთ შესაბამისი კომისიების გააქტიურება. სტრატეგიული ურთიერთობის ფარგლებში ეს საკითხი არ არის პრობლემის შემცველი. ეს ის არის, რაზეც უნდა იმუშაონ შესაბამისმა კომისიებმა”, – განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემაში „პოზიცია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები