“მინდა, მოგილოცოთ ის, რომ ჩვენ შევდექით, როგორც ერი და მე ძალიან ამაყი ვარ” – მაია ბითაძე
“მინდა, მოგილოცოთ ის, რომ ჩვენ შევდექით, როგორც ერი და მე ძალიან ამაყი ვარ ნამდვილად იმით, რომ ჩვენი ამომრჩეველი, ისევე როგორც ამის გვწამდა, გამოდგა ძალიან გონიერი ამომრჩეველი და ის რიგები, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ თურმე რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლის რიგებია, აღმოჩნდა იმ ე.წ. ჩუმი ამომრჩევლის რიგი, რომელსაც გავლილი აქვს ძალიან ბევრი პერიპეტია ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის”, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ამ ამომრჩეველს ძალიან ბევრი რამ ნანახი აქვს, არის გამოცდილი, რომელიც კარგად არჩევს, რა არის ტყუილი და რა არის იმართლე. იმ აგრესიული, ლიბერალური ფაშიზმის დიდი შემოტევის მიუხედავად, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებისგან გამომდინარე იგრძნობოდა.
ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკვირდებით, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად ფორმიდან ამოვარდნილი მდგომარეობა, როდესაც ისინი ეპოტინებიან ათასგვარ გამოგონილ მითებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ უსუსურია ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და რაოდენ ნაკლებია ის მხარდაჭერა მათ მიმართ, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებიდან გამომდინარე.
ამ დიდ კინოს, რასაც ჩვენ ვუყურებ და რომელიც უკვე სერიალშია გადაზრდილი, ყველამ კარგად ვიცით, რომ ორი მდგენელი ჰქონდა გარე და შიდა ფაქტორი. ოპოზიციამ წინასაარჩევნო პერიოდში იბრძოლა იმისთვის, რომ მოეგოთ ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის გული და გაემართლებინათ ის ირიბი დაფინანსება, რომელსაც ისინი თავისი დამფინანსებლისგან იღებდნენ. მეორე მდგენელი, შიდა ფაქტორია ის მოტყუებული ამომრჩეველი, მათი მხარდამჭერი, რომელიც მათ მწარედ მოატყუეს.
ოპოზიცია მოტყუებული და გულაცრუებული აღმოჩნდა თუნდაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვერ მიიღეს დღეს მათ ის გზავნილები, თუნდაც აშშ-დან და ევროპიდან, რომლებიც ასე ძალიან უნდოდათ. ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ, რომ გადაფარონ თუნდაც, სადამკვირვებლო მისიების და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული გზავნილები“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.