ირაკლი კობახიძე: ხობი 2 ჰესი ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, ინვესტიციის მოცულობა 63 მლნ დოლარია, მშენებლობაზე დასაქმებული იყო 300 ადამიანი

ხობი 2 ჰესი არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხობი 2 ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 44,5 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება – 202 მლნ კვტ/სთ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ჰიდროელექტროსადგური უკვე შესულია ექსპლუატაციაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას“ წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა იორდანიშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა ამ ჰესის მშენებლობასთან ერთად, რაც მოიცავდა, მათ შორის, მდინარის გათევზიანებას, ადგილობრივი სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლის, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას, ნიკო კვარაცხელიას ფონდის მხარდაჭერას ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად, ასევე მუხურის ენდემური ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, გამრავლებას, ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდის მხარდაჭერას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა კომპანიას, კომპანიის ხელმძღვანელობას ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები