პიტერ სიიარტო: დასავლეთში, პოლიტიკურ ლიდერებს უკვე ესმით, მაგრამ საჯაროდ აღიარებისთვის გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ მათ ძალიან არასწორი და ცუდი სტრატეგია აირჩიეს უკრაინაში

ტრანსატლანტიკურ სამყაროში ვითარება არის ძალიან მძიმე. ვითარება არის ძალიან ცუდი ვინაიდან დასავლეთში, პოლიტიკურ ლიდერებს უკვე ესმით, მაგრამ საჯაროდ აღიარებისთვის გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ მათ ძალიან არასწორი და ცუდი სტრატეგია აირჩიეს უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოში სტუმრად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა: „თქვენ ახსენეთ უცხოური გავლენები. უცხო ძალების და ფინანსების ჩარევა შიდა საქმეებში. ერთი წამით დავუშვათ, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ მომხდარიყო, მიგაჩნიათ თუ არა რომ დასავლეთიდან წამოსული განცხადებების ტონი იგივე იქნებოდა? როგორც უნგრეთის, ასევე საქართველოს მიმართ?“

პიტერ სიიარტოს თქმით, დასავლეთის სტრატეგიამ უკრაინასთან მიმართებაში არ გაამართლა და ახლა მათ ამის აღიარება უჭირთ.

„დასავლეთმა რუსეთ-უკრაინის ომი საკუთარ ომად გამოაცხადა, მეორე მხრივ ნათელია, რომ ამ ომში უკრაინა ვერ გაიმარჯვებს. ეს კი ნიშნავს რომ ის, ვინც ამ ომს საკუთარ ომად მიიჩნევს, ასევე დამარცხებულია.
სტრატეგიამ, რომელიც დიდი რაოდენობით შეიარაღების მიწოდებას გულისხმობდა, სანქციებზე დაფუძნებულმა სტრატეგიამ, უბრალოდ არ გაამართლა. სანქციები არ მუშაობს, მიწოდებულმა შეიარაღებამ კი ბრძოლის ველზე ვითარება ვერ შეცვალა, თუ ამ შეიარაღებას აქვს ეფექტი მაშინ უკრაინა ტერიტორიებს უნდა იბრუნებდეს, რეალობა კი საპირისპიროა, რუსეთი მიიწევს წინ.

სტრატეგია შესაცვლელია, სამშვიდობო სტრატეგია არის საჭირო, სწორედ ამიტომაც ვართ კეთილგანწყობილნი თქვენი ხელისუფლების განცხადებების მიმართ. ვგულისხმობ განცხადებებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის აუცილებლობის შესახებ.

საქართველოს მთავრობასაც უტევენ, უკრაინაში მიმდინარე ომის თაობაზე „ქართული ოცნების“ სამშვიდობო მიდგომის გამო. უნდა გვესმოდეს, რომ ამ თვალსაზრისით შესაძლოა ევროპაში, პოლიტიკურ ლიდერთა შორის მაინც უმცირესობაში ვიმყოფებით, მაგრამ როდესაც საქმე გლობალურ პოლიტიკურ არენას ეხება, ჩვენი ორი სახელმწიფოს მსგავსი სამშვიდობო მიდგომა, უდიდესი უმრავლესობის პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია“, – განაცხადა სიიარტომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები