კულტურის მინისტრი ძველი კინოსტუდიის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის ტერიტორიისა და მასზე მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
კულტურის სამინისტროს ინიციატივით სამუშაოები 2022 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია. შეგახსენებთ, რომ შენობის მეორე სართულზე სექტემბერში ეროვნული კინოცენტრისთვის საოფისე სივრცე მოეწყო.
,,2022 წლის განმავლობაში ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ: ყოფილ ფირსაცავ შენობაში ჩატარდა სრული რეაბილიტაცია და მოეწყო თოჯინების სახლი; ყოფილი სახანძრო სამსახურის 300 კვ. მ ორსართულიან შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და მასში ბინა დაიდეს კინემატოგრაფიის დარგში კასტინგის კომპანიამ, ფოტოგრაფიის სახელოსნომ, მეთოჯინეებმა და ტრადიციული ლურჯი სუფრის შოუ-რუმმა; რუსთავის ავტოდრომიდან გადარჩენის მიზნით გადმოტანილი იქნა ორი მოზაიკური პანო და ისინი ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე განთავსდა; მოეწყო ახალი საგამოფენო სივრცე, რომელიც სამართავად სამხატვრო აკადემიას გადაეცა; 2023 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება ყოფილი ხის საამქროს ადგილზე ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც იქნება მულტიფუნქციური სახელოვნებო სივრცე 100 მაყურებელზე გათვლილი კინოდარბაზითა და საგამოფენო სივრცეებით. 2024 წელს დასრულდა ყოფილი მულტსტუდიის შენობის გვიანდელი პერიოდის ავარიული ნაწილის დემონტაჟი ორი ისტორიული, 1920-იან წლებში აგებული კინოპავილიონის გადარჩენისა და რეაბილიტაციის მიზნით. 2023 წელს დაიწყო და 2025 წელს დასრულდება ყოფილი ლაბორატორიის შენობის გამაგრებითი სამუშაოები და რემონტი. 2024 წელს დაიწყო და ამავე წლის აგვისტოში დასრულდა ხუთი თეატრისთვის სასაწყობე და სარეკვიზიტო სივრცეების კეთილმოწყობა”, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.