ჯოზეფ ბორელი ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს, რუსეთის უკანონო ომის მხარდაჭერა შეწყვიტოს

ევროკავშირი გამოეხმაურა ცნობებს ჩრდილოეთ კორეის ჯარების რუსეთის დასახმარებლად გაგზავნის შესახებ, რომლებიც ამ ეტაპზე წვრთნას გადიან და სავარაუდოდ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში მიიღებენ მონაწილეობას,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.

ბორელი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი კატეგორიულად გმობს სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და შეიარაღების გადაცემას ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის.

“ეს იქნება საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევა, მათ შორის გაეროს წესდების ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების. ეს იქნება ცალმხრივი, მტრული ქმედება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ევროპისა და გლობალური მშვიდობის უსაფრთხოებისთვის”, – დასძინა ბორელმა.

გარდა ამისა, ევროკავშირმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს რუსეთის უკანონო ომის მცდელობების მხარდაჭერა.

“რუსეთის გაღრმავებული სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან აგზავნის მკაფიო მესიჯს: მიუხედავად რუსეთის განცხადებისა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, ის არ არის გულწრფელად დაინტერესებული სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობით. პირიქით, რუსეთი ესკალაციას ახდენს და ეძებს დახმარებას თავისი ომისთვის, მათ შორის იმ აქტორებისგან, რომლებიც სერიოზულად არღვევენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები