შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტის მონაწილეებს მიმართა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბურმა ომმა ბევრი შოკში ჩააგდო.

“ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები, რომ საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა; გამოფხიზლებამ, რომელიც ომს მოჰყვა, უბიძგა ჩვენს ბევრ პარტნიორს, გადაეხედა მომავალში ასეთი დიდი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებისთვის. ჩვენ პირველებმა ვიცოდით, რას ნიშნავს გაყინული კონფლიქტები, რომლებიც დროებითი ზავის შედეგია.

ზავი არ უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას. ამიტომ, კონფლიქტის გაყინვა მშვიდობის სანდო გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს. კარგია, რომ ახლა ვეძებთ პრობლემების მომავალ გადაწყვეტებს და ეს გადაწყვეტები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ეს გადაწყვეტები, ასევე უნდა იყოს მხარდაჭერილი შესაბამისი საერთაშორისო სისტემის მიერ, რომელიც ასეთ მშვიდობას შესაძლებელს და ხანგრძლივს გახდის. ჩვენ, ჩვენი ზომისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ უკეთესი მშვიდობისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რათა მძვინვარე ომის სამართლიანი გადაწყვეტა უზრუნველვყოთ. ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს სამართლიან მშვიდობას ვუსურვებ და იმ ყველაფრის საფუძვლიან და სწრაფ აღდგენას, რაც ომმა გაანადგურა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რიგაში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები