თეთრი სახლი – მოლდოვაში გამართულ არჩევნებზე: რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის ზეგავლენა მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსა და ევროინტეგრაციის რეფერენდუმზე წარუმატებელი აღმოჩნდა.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა მოლდოვაში არჩევნების შედეგებს ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ გადადგმული „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.
„მოსკოვი აქტიურად მუშაობდა, რათა მოლდოვის არჩევნებისთვის და მათი ევროინტეგრაციისთვის ძირი გამოეთხარა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსკოვმა აღნიშნული მცდელობებისთვის მილიონობით დოლარი გამოყო. რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან შედეგები აჩვენებს, რომ მოლდოვის დემოკრატია ძლიერია, ისევე როგორც, მოლდაველი ხალხის ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლის სურვილი და ნება“, – დასძინა კირბიმ.