რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას დეპუტატები ეხმაურებიან
საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწრთვნელი ბაზის განთავებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართველი დეპუტატები ეხმაურებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადება აქტუალური არ არის, რადგან საქართველოში სირიელი მემბოხეების საწვრთნელი ბაზის განთავსება არ იგეგმებოდა.
„ამ განცხადებას აზრი არ აქვს, რადგან თავიდანვე ნათელი იყო, რომ არავითარი წვრთნები არ ტარდება და არავითარი ბაზა არ იქმნება. ნებისმიერი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გარკვეული რეაგირება ჰქონდეს, მაგრამ ეს თემა აქტუალური არ არის“, – განაცხადა დეპუტატმა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლისთვის, გივი თარგამაძისთვის კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არასაიმედოა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე მთავრობას არაჰარმონიზებული მიდგომები აქვს.
„ჩვენთვის ეს მიუღებელია, რაზეც იყო ლაპარაკი. რუსეთს ეიმედება ღარიბაშვილის განცხადებები, მაგრამ ჩვენ რა უნდა გვეიმედებოდეს, ეს არის მთავარი. ყველაზე უფრო მაღალი ხარისხის საკითხზე არის გაუგებრობა და არაჰარმონიზებული მიდგომები მმართველ გუნდში. ეს არის ჩვენთვის პრობლემა“, – განაცხადა თარგამაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ბაზის განთავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის გადაწყვეტილება, თუ მას მიიღებდნენ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის საზღვრებთან ახლოს. უწყების განცხადებით, გარდაუვალი იქნებოდა უარყოფითი შედეგბი რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში, რომელიც ამ დროსათვის წარმატებით მიმდინარეობს.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვმა უკვე იცის პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ინფორმაციის ოფიციალურად უარყოფის შესახებ და ამ საკითხზე დაკვირვებას მომავალშიც გააგრძელებს.