“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტმა კენჭი არ უყარა

საქართველოს პარლამენტმა მასწავლებლებთან და დირექტორებთან დაკავშირებით “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე გატანა გადადო.
კანონპროექტს პარლამენტის შემდგომ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი, მანამდე კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის კორექტირება კიდევ ერთხელ მოუწევს.
“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტი კრიტიკის საგანი საპარლამენტო უმცირესობის წევრების გარდა, უმრავლესობის მხრიდანაც გახდა.
დეპუტატებისათვის გაუგებარია მასწავლებელთა სერტიფიცირების ალტერნატიული მოდელის არსი და მასწავლებელთა პროფესიული გრადაციის პრინციპები.
ასევე კრიტიკის საგანი პროექტის ის ნაწილიც,გახდა რომლის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მასწავლებლობის უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობა ეძლევა.
როგორც ინიციატივის განხილვისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, ნორმების სიზუსტე და კონკრეტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ კანონთან დაკავშირებით, რომელთანაც შეხება მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას აქვს. ხმალაძემ პროექტში კორუფციული ნორმების გაჩენის საფრთხეც დაინახა.
როგორც დისკუსიის დროს გახდა ცნობილი, “რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ ინიციატივას არსებული სახით მხარს არ დაუჭერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები