ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ბოროტების დამარცხების იმედი თითქმის ყველას გადაწურული ჰქონდა, მაგრამ გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ვინც დაამარცხა ჩვენი ხალხის მჩაგვრელი ბოროტი ძალა და 1 ოქტომბერს მოიპოვა ისტორიული გამარჯვება, რითაც გაათავისუფლა ჩვენი ხალხი და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა
„გავიხსენოთ რა მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ვერცერთი მოქალაქე ვერ დაივიწყებს იმ სისასტიკეს, რომელსაც ანტიეროვნული და ბოროტი სისხლიანი რეჟიმი ავლენდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ რეგიონში მაცხოვრებელ ადამიანებს ყველაზე მეტად ახსოვთ ის ტრაგედიები, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობამ მოუტანა სამეგრელოს და მთელს საქართველოს“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას.
პარტიის თავმჯდომარემ მოსახლეობას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულები კიდევ ერთხელ შეახსენა.
ამასთან, ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ მაშინ, როცა დიდი ბოროტების დამარცხების იმედი თითქმის ყველას გადაწურული ჰქონდა, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ვინც ქვეყნისთვის თავი გადადო და 1 ოქტომბერს მოიპოვა ისტორიული გამარჯვება.
„უდანაშაულო ადამიანების წამება, ოჯახების აწიოკება და შეკვეთილი მკვლელობები, ხალხის ქუჩაში დახოცვა, ბიზნესის რეკეტი და კერძო საკუთრების წართმევა, სახლების წართმევა, მედიისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობა. ჩვენ გვახსოვს ადამიანების გატაცება, დახოცვა. ადამიანები უგზო-უკვლოდ ქრებოდნენ. ხდებოდა სისტემური დანაშაულები, საპატიმროებში და საიდუმლო სამალავებში უდანაშაულო ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება ხდებოდა. ყველას გვაქვს ნანახი ის საშინელი, მძიმე კადრები, ციხის კადრები და სამალავებში გადაღებული წამების და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები, მაგრამ ყველა უბედურებასთან ერთად მეგობრებო, რაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. თან ახლავდა ამ ყველაფერს მუდმივი ქაოსი, არეულობა და გვახსოვს ისიც, არჩევნების დროს საკუთარ მოქალაქეებს როგორ უწყობდნენ ტერაქტს… სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ ჩააბარეს ტერიტორიები რუსეთს, დაუკანონეს ოკუპაცია, გადასცეს 100-ზე მეტი სოფელი, აჩუქეს კოდორის ხეობა და ამის შემდეგ ცხოვრება გააგრძელეს ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა. ასეთი დიდი ბოროტების, მე ვიტყოდი, ურჩხულის დამარცხების იმედი თითქმის ყველას გადაწურული ჰქონდა, მაგრამ გამოჩნდა კაცი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვინც თქვენთვის, ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის გადადო თავი, მოვიდა და დაამარცხა ჩვენი ხალხის მჩაგვრელი ბოროტი ძალა და 1 ოქტომბერს მოიპოვა ისტორიული გამარჯვება, რითაც გაათავისუფლა ჩვენი ხალხი და გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა!“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.