დავით ნარმანია დიპლომატიურ კორპუსს და დონორ ორგანიზაციებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია მერის რანგში პირველად, გაფართოებულ ფორმატში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის მიზანი დედაქალაქის ახალი მთავრობის მუშაობის სტრატეგიის გაცნობა და დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებში დონორი ორგანიზაციების შესაძლო ჩართულობა იყო.
როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მთავრობის სურვილია, ერთის მხრივ, თანამედროვე ასპექტებზე გადასვლის კუთხით გაიზიაროს დონორი ორგანიზაციების მდიდარი გამოცდილება, მეორეს მხრივ, მოიზიდოს ფინანსური რესურსი. „დონორ ორგანიზაციებს სხვადასხვა სფეროებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მათი გამოცდილების გაზიარება და რესურსი ისეთ პროექტებში, როგორებიცაა განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება, საცხოვრებლად მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნა, სატრანსპორტო სისტემის ახალი მოდელის განვითარება, ნარჩენების მართვის სისტემის რეგულირება, თბილისის, როგორც რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ქცევა, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარამდეა, ეს თანხა საკმარისი არ არის ქალაქში არსებული უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად“ – განაცხადა შეხვედრაზე დავით ნარმანიამ.
თავის მხრივ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), მუნიციპალური ტრანსპორტის, მეტროსადგურების მოძველებული სისტემის განახლების, გარე-განათების ენერგოეფექტური სისტემის დამონტაჟების, პარკირებისა და სხვა პროექტებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. აზიის განვითარების ბანკი კი მზადაა, თბილისის მთავრობას დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებაში დაეხმაროს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სხვადასხვა საკითხებში აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოება.
„ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და მოადგილეები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW), აზიის განვითარების ბანკის, ბრიტანეთის საბჭოს, ევრაზიის ფონდის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დედაქალაქის მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
აღნიშნული ფორმატით შეხვედრები წელიწადში ორჯერ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები