ევროსაბჭოს ასამბლეა საქართველოში სამართალდაცვით სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება
ევროსაბჭოს ასამბლეა საქართველოში სამართალდაცვით სფეროში განხორციელებულ რეფორმებს მიესალმება, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 1 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში – „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“.
ასამბლეის განმარტებითი, მემორანდუმის 62-ე პუნქტის მიხედვით, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში, სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა მწვავე კრიტიკის საგანი იყო.
„ამის საპირისპიროდ, ახალი მთავრობის ძალისხმევით განხორციელდა სამართალდაცვითი სექტორის ძირეული რეფორმა. კერძოდ, გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდ) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდ), რომლებიც წარსულში მხილებულნი იყვნენ მრავალი უკანონო ქმედების ჩადენაში, ხოლო 2013 წლის 4 ოქტომბერს, მიღებულ იქნა ახალი „კანონი პოლიციის შესახებ“, რომელმაც შექმნა მიუკერძოებელი და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საპოლიციო ძალების არსებობისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.
იმავე პერიოდში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „კანონი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“. ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შემუშავდა საქართველოს „პოლიციის ეთიკის კოდექსი“, – აღნიშნულია ასამბლეის დოკუმენტში.