„ევროსაბჭოს რეზოლუცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გათვალისწინებითაა მიღებული“

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუცია საქართველოს შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გათვალისწინებითაა მიღებული.
„დღევანდელი რეზოლუცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სრული უჭკუობისა და უსუსურობის შედეგია, რადგან თვალნათლივ ჩანს, რომ ევროსაბჭოში მომუშავე სამთავრობო დელეგაცია ვერ ახერხებს აუხსნას ევროპელ დეპუტატებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქართული საზოგადოებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი დელეგაცია ვერ ახერხებს დაუმტკიცოს ევროსაბჭოს, რომ არც ერთი გახმაურებული პროცესი არ არის პოლიტიზირებული“, – განაცხადა ახვლედიანმა.
ახვლედიანისთვის მიუღებელია, ევროპელი კოლეგების მოთხოვნა ბაჩო ახალაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი კოლეგების მხრიდან ბაჩო ახალაიას გათავისუფლებისა და სააკაშვილის საქმის მიმართ სამართლიანი სასამართლოს პრინციპების სრული დაცვით განხორციელების მოთხოვნა, რადგან ჩვენი სახელმწიფოს ძირეული ინტერესია, რომ ყველა დამნაშავემ, მიუხედავად თანამდებობისა, აგოს პასუხი კანონის წინაშე და საქართველოში დაუსჯელობის სინდრომი ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას. აქვე პოზიტიურად უნდა აღინიშნოს ევროსაბჭოს რეზოლუციის მოწოდება საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით, რაზეც ჩვენ აქამდეც არაერთგზის განგვიცხადებია. ასევე მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები