ჯო ბაიდენი – “ისრაელელები და პალესტინელები უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას იმსახურებენ”

7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადება გაავრცელა.

„დღეს გლოვის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ტერორისტულმა ჯგუფმა 1 200-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მოკლა, მათ შორის 46 ამერიკელი. ერთი წელია, რაც 250-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი მძევლად აიყვანეს, მათ შორის 12 ამერიკელი.“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, 7 ოქტომბერი ასევე ისტორიაში შევა, როგორც ბნელი დღე პალესტინელი ხალხისთვის იმ კონფლიქტის გამო, რომელიც „ჰამასმა“ გააჩაღა ამ დღეს.

„თავდასხმიდან მალევე, მე გავხდი პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ეწვია ისრაელს ომის დროს. ერთი წლის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი და მე ვრჩებით ებრაელი ხალხის უსაფრთხოების, ისრაელის უსაფრთხოებისა და მისი არსებობის უფლებების ერთგული. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი “ჰეზბოლას”, “ჰამასის”, ჰუთის და ირანის თავდასხმებისგან.

ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად, რომელიც მძევლებს სახლში დააბრუნებს, გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას ადგილზე ტანჯვის შესამსუბუქებლად, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას და დაასრულებს ამ ომს. ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას“, – აღნიშნა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები