„ნაწარმოების დირიჟორობაც საკუთარ თავზე ავიღე“ – დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ და წარმატებული კონცერტი
დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ – სოლისტების, გუნდისა და სიმებიანი ორკესტრისათვის ამ დღეებში კონსერვატორიის მცირე დარბაზში წარმატებით ჩატარდა.
კომპოზიტორია ნინო ჯანჯღავა.
მონაწილეობენ: ანა ოთარაშვილი – სოპრანო; სალომე მაკარიძე – მეცო სოპრანო; გოგიტა ნატროშვილი – ტენორი; ზურაბ ავაგუმაშვილი – ბანი; ქეთი კვარაცხელია – არფა.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. ქორმაისტერი ომარ ბურდული, დირიჟორი – ნინო ჯანჯღავა.
შესრულება ეძღვნება რეჟისორ თეიმურაზ აბაშიძის ხსოვნას.
„კვირამ“ რამდენიმე შეკითხვით მიმართა ნინო ჯანჯღავას.
– როდის დაიდგა პირველად „გალობანი სინანულისანი“? ვიცი, რომ შესრულებამდე გარკვეული სირთულეები გქონდათ…
– დავიწყებ იმით, რომ ეს ნაწარმოები, მიუხედავად იმისა, რომ მისი საფუძველი საგალობლების ტექსტია, ერთი ადამიანის სულიერ დრამას წარმოადგენს. დრამას, რომელიც ვითარდება სოლისტების, გუნდისა და ორკესტრის ფონზე.
ნაწარმოები პირველად დაიდგა თეატრალური ინსტიტუტის სცენაზე – რეჟისორ თეიმურაზ აბაშიძის მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე. იმდროინდელი ვერსია გახლდათ ფორტეპიანოს თანხლებით. სხვა საშუალებას ინსტიტუტი ვერ გვაძლევდა. ეს დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავია.
მას შემდეგ თითქმის ყოველწლიურად შემქონდა პროექტები კონკურსებზე დასაფინანსებლად კულტურის სამინისტროსა და მერიაში, მაგრამ ამაოდ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი უარი მივიღე. არა მხოლოდ პროექტები შემქონდა, პირად წერილებსაც კი ვწერდი მინისტრებს, რომ პროექტისათვის მხარდაჭერა აღმოეჩინათ. ეს უკანასკნელი კი მართალია, განახევრებული ბიუჯეტით დამიფინანსდა, მაგრამ ისეთით, რომ მოძრაობა შევძელი.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პასუხს ველოდებოდი, მისი დაფინანსება მაინც მოულოდნელი მეჩვენა, თან სამინისტროს ადმინისტრაცია მთხოვდა, დროულად წარმედგინა დაზუსტებული დეკლარაცია უკვე განახევრებულ ბიუჯეტზე. ამან გამოიწვია ის, რომ ის ქორმაისტერი, რომელსაც ნაწარმოებზე უნდა ემუშავა, ვერ აღმოჩნდა ოპერატიული პასუხების გაცემისთვის და მისი ჩანაცვლება მომიწია.
ჩემი მეუღლის, დავით ხოსიტაშვილის რეკომენდაციით, რომელიც გამოცდილი ხმის რეჟისორია და კარგად იცნობს ქორმაისტერების საქმიანობას, არჩევანი ომარ ბურდულზე გაკეთდა, რომელმაც გასაოცარი ოპერატიულობით და მაღალი პროფესიონალიზმით გაართვა თავის მთელ რიგ ამოცანებს, შემსრულებელთა შერჩევით დაწყებული და მუსიკის აჟღერებით დასრულებული. აღარაფერს ვიტყვი თბილისის კამერულ ორკესტრ „სინფონიეტაზე“, რომელიც გასაოცარი სტაბილურობით და მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევა, რასაც მისი წევრები ყოველწამიერი დაუღალავი შრომით მოიპოვებენ.
მინდა აღვნიშნო, რომ კონცერტის გახმაურების ძალიან მეშინოდა. მეგონა, რომ ისევ ისეთ უხეშობას შევეჩეხებოდი, როგორიც თეატრალური ინსტიტუტის პრემიერის დროს მოხდა. ამიტომ მინდოდა, რომ ეს სივრცე მხოლოდ მოსაწვევებით, ჩემი და დანარჩენი მონაწილეების ახლობლების მოწვევით შემომეფარგლა. ეს სიუხეშე კი იყო ჩემი უფროსი კოლეგის მიერ ჩემი შეურაცხყოფა, მხოლოდ იმიტომ, რომ რეპეტიციებს კომპოზიტორთა კავშირში ვატარებდი, რაც მას აშინებდა, – თითქოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეობა მინდოდა.
სამწუხაროდ, ეს ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მაინც რაღაც შიშის გრძნობა მქონდა. ის გრაფა, რომელიც ყველა პროექტში წერია – მედიის არსებობის შესახებ, შესავსები მქონდა და ამიტომ „ყვითელ ფურცლებზე“ არსებულ ყველა ტელევიზიას გავუგზავნე პრესრელიზი აფიშით. მხოლოდ ნინო არაზაშვილმა მიპასუხა, რომ შაბათს არ მუშაობდა. დანარჩენებს პასუხიც კი არ გაუციათ და ცხადია, არც გამოჩენილან. კონცერტის შემდეგ მხოლოდ სამი სტუდენტი-ჟურნალისტი დამხვდა კულისებთან ჩამწერით და მოკრძალებული კითხვებით. მათ ინტერნეტში თვალი მოჰკრეს ჩვენი კონცერტის აფიშას და მოვიდნენ გასაუბრების ჩასაწერად.– არა მხოლოდ კომპოზიტორი, არამედ დირიჟორიც ხართ…
– ნაწარმოების დირიჟორობა საკუთარ თავზე ავიღე, რამაც მომცა შესაძლებლობა, ომარ ბურდულის და ორკესტრის კონცერტმაისტერ გიორგი ქერელაშვილის დახმარებით, კიდევ უფრო დამეხვეწა ეს საქმიანობა. ომარ ბურდულის წყალობით შევიგრძენი გუნდის სუნთქვა, რაზედაც ადრე საერთოდ არ მიფიქრია.
– კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. სამომავლოდ რა სიახლე გექნებათ?
– კონცერტი დიდი წარმატებით ჩატარდა. ჩვენ ჩვენი შესრულებული საქმიანობის საუკეთესო ვარიანტი ვაჩვენეთ. სამომავლოდ კი ვფიქრობთ, რომ საგუნდო შემადგენლობა გავზარდოთ და ასევე გავზარდოთ საკონცერტო სივრცე, ვინაიდან კონსერვატორიის მცირე დარბაზისთვის ასეთი შემადგენლობა გადამეტებულია, რაც დარბაზში ჟღერადობის არათანაბრად განაწილებას იწვევს. თუმცა კამერული სივრცისთვისაც შემადგენლობის სხვა ვერსია არის შერჩეული, ვინაიდან ვიცი, რომ ამ ნაწარმოების მოსმენა ბევრს აინტერესებს .
მალე დამზადდება კახა გოგიჩაიშვილის ვიდეოსტუდიის მიერ გადაღებული ვიდეო და „საავტორო სტუდიის“ ხმის რეჟისორის, დავით ხოსიტაშვილის მიერ ჩაწერილი ხმოვანი ჩანაწერი .
მადლობა მინდა გადავუხადო მთელს შემოქმედებით ჯგუფს, ყველას მომავალი წარმატებები ვუსურვო, რომლებიც ვიცი, რომ არაერთი იქნება.
თამარ შაიშმელაშვილი