რუსეთის უკანონო ქმედებებს არ მოვითმენთ – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ხემონდმა რუსეთის ქმედებები მწვავედ დაგმო და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაემუქრა, – წერს უკრაინული პრესა. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ხელისუფალთა ხელები მალაიზიური ბოინგის დაღუპული მგზავრების სისხლითაა დასვრილი. ფილიპ ხემონდის განცხადებით, კომუნიზმზე გამარჯვების დღიდან 25 წლის მანძილზე დიდმა ბრიტანეთმა და დასავლურმა სამყარომ რუსეთს მეგობრობის ხელი გაუწოდეს, მათ ინვესტიციებს, სავაჭრო და სხვა თანამშრომლობას სთავაზობდნენ. თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყირიმის არაკანონიერი ანექსიით, რაკეტების მიწოდებით, 298 უდანაშაულო ადამიანის – მალაიზიური მგზავრის მკვლელობით და რუსეთის ჯარების უკრაინაში გაგზავნით პუტინმა გაწყვიტა ურთიერთობები და კონფრონტაციის გზა აირჩია.
„ჩვენ უნდა ვამაყობდეთ, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხში ლიდერი იყო. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ რუსეთის უკანონო ქმედებებს არ მოვითმენთ. ჩვენ ასევე არ დავუშვებთ ნატოს მოკავშირე ქვეყნების დაშინებას. ნება მიბოძეთ, ბატონ პუტინს შევახსენო, რომ ნატოს წევრებისკენ მიმართული ნებისმიერი მუქარა მთლიანი ნატოს მხრიდან პასუხს გამოიწვევს“, – განცახადა ხემონდმა.