ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისმა კომისიამ 2023-2024 წლების ანგარიში განიხილა

საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის წევრებმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის ანგარიში განიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომას თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი.

სხდომას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი.

კომისიის სხდომაზე გაკეთდა პრეზენტაცია 2023 – 2024 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების, სატრანსპორტო დარგების, უსაფრთხო კავშირებისა და დერეფნების მდგრადი განვითარების და ასევე სათანადო კვალიფიკაციის კადრების მომზადება – გადამზადების მიმართულებით. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმაზე, რომელიც 2023 წელს დაიწყო. აგრეთვე დადებითად შეფასდა საქართველოში მეზღვაურთა უფლებების დაცვის კუთხით მიღებული კანონი; საკანონმდებლო ცვლილებები შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის რეგულირების მიზნით; საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის ამოქმედება და სხვ.

კომისიის სხდომაზე ასევე განიხილეს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა ამოქმედებაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და ხელს შეუწყობს შუა დერეფანში ახალი ტვირთების მოზიდვას. მათ შორის, საუბარი წარიმართა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რომელიც დასრულების ეტაპზეა, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე და სხვ. აღინიშნა, რომ 2023 წელს გაიხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იანი მონაკვეთი, ასევე რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 472 კმ-მდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას და სხვ.

კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. მოყვანილი სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს საქართველოს სატრანსპორტო დარგებმა (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) 27.2 მილიონი ტონა საერთაშორისო ტვირთი გადაზიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 1.6%-ით მეტია. აღნიშნული დინამიკა 2024 წლის იანვარი – აგვისტოს პერიოდშიც გაგრძელდა და საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 18.7 მილიონი ტონა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.7%-ით მეტია.

რაც შეეხება საქართველოს საზღვაო ნავსადგურებს, სტატისტიკის თანახმად, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ჯამურად გადამუშავებულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 8.9 მილიონი ტონა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ტვირთების მატება ორივე ნავსადგურში დაფიქსირდა.

კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2024 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში შუა დერეფანში ჩინეთიდან ან ჩინეთისკენ, საქართველოს გავლით, გადაზიდული კონტეინერების რაოდენობაზე, რომელმაც 6,964 TEU, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 728.1%-ით მეტია. აღინიშნა, რომ 2023 წლამდე შუა დერეფანზე ძირითადად კონტეინერების გადაზიდვა ხორციელდებოდა ტრანზიტის რეჟიმში (90%-ზე მეტი) საქართველოს გავლით, თუმცა მიმდინარე წელს ჩინეთიდან იმპორტის რეჟიმში მკვეთრად მოიმატა კონტეინერების რაოდენობამ და იმპორტისა და ტრანზიტის წილმა დაახლოებით 50%-50%-ი შეადგინა.

„საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ხორციელდება სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონის სატრანსპორტო ჰაბის, საერთაშორისო აღიარებას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შუა დერეფანში დამატებითი ტვირთების მოზიდვისთვის, რაც მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება ადგილობრივი სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორისთვის,“ – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები