რა საფრთხეებს უქმნის ჯანმრთელობას ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები – „თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარის განმარტება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები ადამიანის ჯანმრთლობისთვის საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ელემენტარული ქიმიური პროცესია პიროლიზი, როდესაც ესა თუ ის ნივთიერება 100 გრადუსზე ზემოთ ხურდება . ელექტრონულ სიგარეტში ნივთიერებები 110 გრადუსზე ზემოთ ხურდება. პიროლიზის პროცესის შედეგად იგივე გლიკოლი, გლიცერინი როგორც კი გახურდება კანცეროგენებად და ტოქსინებად გარდაიქმნება, ამას ემატება არომატიზატორები, რომლებიც ასევე მომწამვლელ ნივთიერებებად გარდაიქმნებიან. მათი ჩასუნთქვა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე გარშემომყოფი ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეებს ქმნის. მაგალითად, ისეთი საშინელი დაავადება, როგორცაა ემფიზემა, ეს პროგრესირებადი დაავადებაა, რომ წარმოვიდგინოთ, ისეა ფილტვი ნელ-ნელა რომ იწვებოდეს. რამდენიმე წელიწადში ლეტალურ შედეგამდე მივყვარათ. თუ ელექტორნულ სიგარეტში არის E ვიტამინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის ერთობლიობა , ფილტვის ქსოვილების სწრაფი დაზიანება ხდება. ამ დაავადების კლასიფიკაცია 2019 წლიდან შემოვიდა, მანამდე არ იცოდნენ, რა იყო, მას “ევალი” დაარქვეს. ეს ელექტრონული სიგარეტისგან და “ვეიპებისგან” გამოწვეული ფილტვის დაზიანებაა. ამ დაავადების შედეგად აშშ-ში ასეულობით ახალგაზრდა დაიღუპა, ახლა მასობრივი სახე ევროპაში აქვს, რუსეთშიც შევიდა, ეჭვი გვაქვს, რომ შემთხვევები საქართველოშიცაა, უბრალოდ დაფიქსირებული არაა. ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ელექტრონული სიგარეტი ნიკოტინის მაღალი კონცენტრაციითაა, ანუ სერიოზულ მიჯაჭვულობას იწვევს. თუ ადამიანი ჩვეულებრივ სიგარეტს გარკვეული პერიოდულობით ეწევა, მაგალითად, საათში ერთხელ, ელექტრონული სიგარეტი სულ ხელში აქვს, 10-ჯერ , ოცჯერ ხშირად ხდება მოხმარება, ანუ ნიკოტინის და ქიმიური ნივთიერებების მიღება დიდი რაოდენობით ხდება, უძლიერეს მიჯაჭვულობას იწვევს. ამის დაძლევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
რაც შეეხება გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს: აქაც მოარული აზრია, თითქოს, ის ნაკლები ზიანის მომტანია. აქაც ნიკოტინია კონცეტრირებული. მწარმოებელმა “ფილიპ მორისმა” 52 ქიმიური ნივთირების შესახებ ინფორმაცია დამალა. აქედან 22 თამბაქოს კვამლში არსებული ტოქსინების და კანცეროგენის კონცენტრაციას 2-ჯერ აღემატება, 7 მათგანი კი 10-ჯერ. უკვე უამრავი კვლევა არსებობს, აღმოჩნდა, რომ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი უფრო სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს , მათ შორის ფილტვის კიბოს შემთხვევები უფრო ადრე დგება, ვიდრე სხვა შემთხვევაში. მალევე ხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მწვავე შემთხვევების დაფიქსირება იმ ადამიანებში, რომლებიც გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებს, ე.წ. აიქოსს მოიხმარენ”, – განაცხადა ბახტურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები