თბილისის ვიცე-მერი ფოტოგამოფენას დაესწრო
თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი დღეს “Tbilisi Photo Festival 2014”-ის გახსნას დაესწრო. ალექსანდრე მარგიშვილმა ფოტოგამოფენა ორგანიზატორებთან ერთად გახსნა და აღნიშნა, რომ წლევანდელი ფესტივალი თავისი პროგრამით განსაკუთრებულია. ვიცე-მერის თქმით, მერია ფოტოფესტივალს მომავალშიც დაუჭერს მხარს.
„ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ქართველ ხელოვანებს წარმოაჩენს და ამავე დროს, გზას გაუხსნის მათ საერთაშორისო ასპარეზზე“, _ განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა. ფესტივალი აბანოთუბანში, ლეღვთახევში, უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილი ფოტოგამოფენით გაიხსნა. “ორი ნაპირი: უკრაინა 2014”-ის ავტორი ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი იუსტინა მელნიკევიჩია. პოლონელი ფოტოგრაფის ობიექტივში ევრომაიდანი, ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები მოხვდა. ფესტივალის ფარგლებში, „თი-ბი-სი გალერეაში“ მოეწყობა კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა – “ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947”. ასევე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფოტოგრაფიის ღამე – ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ.
“Tbilisi Photo Festival 2014”-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო.