კლდეზე ცოცვის სამ სახეობაში ტურნირი გაიმართა
ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კლდეზე ცოცვის სამ სახეობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში სხვადასხვა პერიოდში სპეციალურად ამ სახეობისთვის მომზადებული ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრი ორ სახეობაში – რთულ ინდივიდუალურ და გუნდურ სწრაფ ცოცვაში საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ბაზაზე სპეციალურად მომზადებულ ხელოვნურ კედელზე ჩატარდა. ტურნირს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები და თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
ტურნირის გამარჯვებულები სირთულეების გადალახვის ხარისხისა და ასპარეზობის დროის მიხედვით გამოვლინდნენ. კლდეზე ცოცვის ორივე სახეობაში გამარჯვებული საჩხერის სამთო მომზადების სკოლის სამხედრო მოსამსახურეები გახდნენ. მათ ჩემპიონატის თასი და ოქროს მედლები მიიღეს.
თავდაცვის სამინისტროს სპორტის სამსახურმა კლდეზე ცოცვაში შეჯიბრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უკვე მესამედ გამართა.