„გამოწვევები საქართველოს ენერგოსექტორში და მდგრადი განვითარება“- “შერატონში“ კონფერენცია გაიმართა

 

    სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „გამოწვევები საქართველოს ენერგოსექტორში და მდგრადი განვითარება“გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ენერგოსექტორის პრობლემების შეფასება მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, ქვეყნის ენერგობალანსში განახლებადი ენერგიების წილის ზრდისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისათვის გზების დასახვა. კონფერენცია წარმოადგენდა შემაჯამებელ ღონისძიებას და მას წინ უსწრებდა სამუშაო ჯგუფებში ჩართული ექსპერტების რამოდენიმეთვიანი მუშაობა, რომლის შედეგადაც მომზადდა მიმოხილვები, დასკვნები და რეკომენდაციები ზემოაღნიშნული მიმართულებებით. კონფერენციის მომხსენებლების მიერ წარმოდგენილ დასკვნებში არაერთხელ გაესვა ხაზი იმ ფაქტს, რომ საქართველოს გააჩნია ენერგიის განახლებადი წყაროების (ჰიდრო, მზე, ქარი, გეოთერმული) დიდი პოტენციალი და რომ, მათი მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული. ამასთან, ქვეყანაში ენერგიის წარმოებას დიდი დანაკარგები ახლავს, რომელსაც ემატება კიდევ უფრო არაენერგოეფექტური მოხმარება. ეს დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ქვეყანაში მოხმარებული ენერგიის დაახლოებით 60% იმპორტირებულია. აღინიშნა, რომ საქართველომ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, განავითაროს ენერგიის განახლებადი წყაროები და ხელი შეუწყოს ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და ტექნოლოგიების დანერგვას. ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური ქმედითი ზომების გატარება. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილმა დასკვნებმა მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს დაურიგდათ სპეციალურად კონფერენციისათვის მომზადებული დეკლარაციის ტექსტის პროექტი, რომლის საბოლოო ვარიანტიც, ხელმოწერილი საქართველოს არასამთავრობო (საზოგადოებრივი) ორგანიზაციების, ექსპერტებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების მიერ, გადაეგზავნება შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს.
კონფერენციას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში, ასევე, ენერგეტიკისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, ქალაქის მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, კომიტეტის წევრი – მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე, ექპერტები. კონფერენციას ორგანიზებ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს“ მიერ, „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის“ (WECF) თანამშრომლობით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები