თენგიზ შერგელაშვილი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა

   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი რევაზ კაკულია ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული განვითარების მხარდამჭერი ჩარჩო – პროგრამის პირველი ფაზის შედეგები და პროგრამის მეორე ფაზის ინიცირებისთვის მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ევროკავშირის მხრიდან 26 მლნ ევროს საბიუჯეტო და 4 მლნ ევროს ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს. ასევე, სამინისტროს წარმომადგენლებმა ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია გაუზიარეს სხვადასხვა სამთავრობო დოკუმენტის შესახებ, სადაც რეგიონული განვითარება განიხილება, როგორც ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საერთო ეროვნული წარმატების მიღწევისა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის. ყურადღება გამახვილდა რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და შესაბამისი დაგეგმარების პროცესში სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების, ასევე, სამხარეო ადმინისტრაციებისა და რეგიონული განვითარების საბჭოების მაღალ ჩართულობასა და კოორდინაციაზეც. ევროკავშირის მისიის მხრიდან რეგიონული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ახალ პრაქტიკას მაღალი შეფასება მიეცა. მათივე თქმით, საქართველო ამ კუთხით პროგრესირების თვალსაზრისით უდაოდ რეგიონული ლიდერია. ამავე შეხვედრის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ რეგიონული განვითარების მხარდაჭერის პროგრამის მე-2 ფაზისა და საბიუჯეტო დახმარების ინიცირებისთვის მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა, შესაძლებელია, მიმდინარე წლის მაისში მოხდეს. დაახლოებით ამავე პერიოდში დასკვნით ფაზაში შევა 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის შემუშავებისათვის მიმდინარე სამუშაოები საბოლოო დოკუმენტის საქართველოს მთავრობისთვის წარდგენისა და მიღების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები