ჰელენ კლარკი: საქართველომ წინ სერიოზული ნაბიჯები გადადგა

საქართველომ წინ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, – ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ჰელენ კლარკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კლარკმა აღნიშნა, იგი ძალიან მოხარულია, რომ საქართველო ასრულებს მნიშვნელოვან რეფორმებს და ქვეყანაში ხორციელდება ინკლუზიური განვითარების პოლიტიკა, რომელიც აისახება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთი წლის შემდეგ ისევ ჩამოვედი საქართველოში, ჩემი გასული ვიზიტი შედგა 2013 წლის თებერვალში. საქართველოს უკვე ჰყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, ახალი პრეზიდენტი და ეს დიდი შესაძლებლობაა ჩემთვის და გაეროს მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომ კიდევ ერთხელ განგვეახლებინა ძალიან კარგი ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან. შეხვედრების ფარგლებში ბევრი საკითხი განვიხილეთ და აღსანიშნავია, რომ საქართველომ წინ გადადგა სერიოზული ნაბიჯები. ჩვენ ვულოცავთ ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და ასევე თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ განვიხილეთ ის პროგრამები, რომლებსაც გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს სხვა სააგენტოები ასრულებენ საქართველოში. მათ შორის შევეხეთ გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მუშაობას აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში და იმ წვლილს, რომელიც ჩვენ შეიძლება შევიტანოთ კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საქმეში. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველო მნიშვნელოვან რეფორმებს ასრულებს. განსაკუთრებით მოხარულები ვართ იმით, რომ ქვეყანაში ხორციელდება ინკლუზიური განვითარების პოლიტიკა, ანუ ისეთი განვითარების, რომელიც აისახება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე. დიდ სიხარულით შევეგებეთ იმ ფაქტს, რომ საქართველომ მიიღო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც საქართველოს განვითარების ქვაკუთხედი იქნება. განსაკუთრებით ეს აისახება სამუშაო ადგილების შექმნაზე, დასაქმების გაზრდასა და განათლების განვითარებაზე”, – განაცხადა ჰელენ კლარკმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები