კულტურის და სპორტის სამინისტრომ ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების სასპორტო დაწესებულებებსა და კლუბებს სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილი სპორტული ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემა დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებისთვის ინვენტარისა და ეკიპირების გადაცემას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფოს რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, ვეტერანი სპორტსმენები და ადგილობრივი სასპორტო სკოლებისა თუ კლუბების აღსაზრდელები ესწრებოდნენ.

„მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელებისათვის ფინანსური დახმარებისა და სპორტის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის “ ფარგლებში, 2023 წელს სამინისტროს თანამშრომლებისაგან შემდგარმა ჯგუფმა 25 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტში მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის მიზნით კვლევა ჩაატარა. ვიზიტებმა აჩვენა, რომ მუნიციპალიტეტებში არსებობდა შესაბამისი სპორტული ინვენტარის და ეკიპირების დეფიციტი და მწვავე საჭიროება, ხოლო არსებული ინვენტარი და ეკიპირება ხშირ შემთხვევაში დაზიანებული იყო და საჭიროებდა ჩანაცვლებას. მოცემული გარემოება ნეგატიურად აისახებოდა ვარჯიშებისა და წვრთნების ხარისხზე, ზრდიდა ტრავმების რისკს და აფერხებდა სპორტის განვითარებას. სასპორტო სკოლებსა და დაწესებულებებს ყოველდღიურად ესაჭიროებოდათ სპეციალური სპორტული ინვენტარი და ეკიპირება.

მონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით სამინისტრომ მიმართა შპს „სპორტმშენსერვისს“, რომელმაც შეისყიდა სპორტსმენთა შესაბამისი ეკიპირებისა და სპორტული ინვენტარი. სამინისტროს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, 25 მუნიციპალიტეტში არსებული სასპორტო სკოლებისა და დაწესებულებებისთვის, ასევე სპორტული ფედერაციებისთვის კომპანიამ შეისყიდა 3 788 620 ლარის სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი და ეკიპირება, სულ 8 355 ერთეული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში საჭიროებების მონიტორინგი და მათთვის ინვენტარის გადაცემა პირველად მოხდა.

თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ინვენტარი და ეკიპირება მუნიციპალიტეტში სასპორტო დაწესებულებების, კლუბების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით, ასევე მწვრთნელებისა და მათი მოსწავლეების საჭიროებების შესწავლის შედეგად შეირჩა, შესაბამისად, ამბროლაურში ა(ა)იპ ამბროლაურის ჭიდაობის კლუბმა ფალავანმა საჭიდაო ხალიჩები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები და საჭიდაო ფინკები, ბაგირები მიიღო. ა(ა)იპ ამბროლაურის სასპორტო სკოლას ტანვარჯიშის სკამები, ბაგირები, მოედნის მოსანიშნები, სავარჯიშო რეზინები, ლახტები და კალათბურთის ბურთები გადაეცა. ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბისთვის რაჭა კი სამინისტრომ ფეხბურთის ბურთები, სასწორები, მეკარის ხელთათმანები, სავარჯიშო რეზინები, ფეხბურთის ბადეები და მოედნის მოსანიშნები შეიძინა.

ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსს საჭიდაო ხალიჩები, საჭიდაო ფინკები, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდები, მაგიდის ჩოგბურთის ჩოგნები, კალათბურთის ფარები, კალათბურთის ბურთები, კალათბურთის ბატუტები, ფრენბურთის ბურთები, ფრენბურთის ფორმები, სასწორები, მეკარის ხელთათმანები, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო მძიმე ჟილეტები, სავარჯიშო რეზინები, ბაგირები, შტანგის სიმძიმეები, ბლინები და ჰანტელები, გადაეცა. ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა მამისონმა კი მიიღო ფეხბურთის ბურთები, ფეხბურთის ბადეები და მოედნის მოსანიშნები.

ა(ა)იპ ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლისთვის შეიძინეს საჭიდაო ხალიჩა, მაგიდის ჩოგბურთის მაგიდა, კალათბურთის ფარები, კალათბურთის ბადეები, კალათბურთის ბატუტები, კრივის ტომრები, კრივის ხელთათმანები, რაგბის ბურთები და კიმონოები. ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი ხვამლისთვის – ფეხბურთის ბადეები, სტადიონის მოსანიშნები. ა(ა)იპ ფრენბურთის კლუბი ცაგერისთვის კი – ფრენბურთის ბადეები და ფრენბურთის ბურთები.

საჭიროების შესაბამისად ა(ა)იპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის გაერთიანებას ტატამი, კროსფიტის თოკები, სავარჯიშო რეზინები, ორძელები, სასწორები, შვედური კედელი, კიმონოები, ქართული ჭიდაობის ჩოხები, ფრენბურთის ფორმები, ფრენბურთის ბურთები, ფრენბურთის ბადეები, ბაგირები, ლახტები, გირები და ჰანტელები გადაეცა. ა(ა)იპ ოლეგ ლიპარტელიანის სახელობის ლენტეხის ოლიმპიური მომზადების ცენტრმა კი მკლავჭიდის მაგიდები, ფეხბურთის ბადეები და კალათბურთის ბურთები მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინვენტარს არამარტო სასპორტო დაწესებულებების აღსაზრდელები, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების წევრებიც გამოიყენებენ. სპორტული ინვენტარი და ეკიპირება მუნიციპალიტეტებსა და ფედერაციებში ეტაპობრივად დარიგდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები