სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობის კიდევ ერთი სერტიფიკატი მიიღო

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააგენტო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეფექტიანად იცავს ინფორმაციული  უსაფრთხოებასა და პერსონალურ მონაცემებს და მუდმივად აუმჯობესებს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა ევროკავშირში რეგისტრირებულმა მასერტიფიცირებელმა ორგანომ, რომელიც საერთაშორისო სააკრედიტაციო ფორუმის (IAF) და ევროპის აკრედიტაციის ასოციაციის (EA) წევრია.

სერტიფიცირების ფარგლები მოიცავს სააგენტოს სანდო და კვალიფიციურ სანდო მომსახურებას და მომსახურების ფარგლებში თანმდევ/მხარდამჭერ პროცესებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტომ 2023-2024 წლებში ასევე წარმატებით გაიარა ელექტრონული ტრანზაქციებისთვის ელექტრონული იდენტიფიკაციისა და სანდო მომსახურების შესახებ ევროკავშირის (eIDAS) რეგულაციასთან და ევროპული ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებთან შესაბამისობის საზედამხედველო აუდიტი, რითაც გახდა რეგიონში ერთადერთი უწყება, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები