ჯეი დი ვენსი: მსოფლიოში არის სამი ცხელი წერტილი, რომლებიც, შესაძლოა, მასშტაბურ გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ჯეი დი ვენსმა მსოფლიოს სამი ცხელი წერტილი დაასახელა, რომელთა მსოფლიო ომში გადაზრდის საფრთხე არსებობს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს აქვს წითელი ხაზები, რომელთაგან ზოგიერთის შესახებ ჩემთვის ცნობილია. ისეთი სიტუაცია თუ იქნება, სადაც რუსეთის წითელი ხაზი გადაკვეთილი იქნება, ის არის ბირთვული სახელმწიფო და შეუძლია, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება დაიწყოს აღმოსავლეთ უკრაინაში. თუ ეს მოხდება, მაშინ, სულ მცირე, რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას, როგორიცაა პოლონეთი, მოუწევს ჩარევა და ეს მესამე მსოფლიო ომის სცენარამდე მიგვიყვანს.
ვფიქრობ, ყველაზე სავარაუდო და ყველაზე საშიში სცენარი ამჟამად არის ირანი და ისრაელი. ისრაელში არის განგაშის მაღალი დონე, ხდება ტერორისტული თავდასხმები, ისინი ცდილობენ, გაუმკლავდნენ „ჰამასს“. რა მოხდება, თუ ჩრდილოეთ ისრაელში ირანის მიერ მხარდაჭერილი მავნებლების ჯგუფი დაიწყებს ისრაელისა და ათასობით მოქალაქის მოკვლას? ისრაელი შეიჭრება, ირანელები კონტრშეტევას დაიწყებენ და ისრაელი და ირანი რეგიონულ კონფლიქტში ჩაებმებიან, შესაძლოა, ჩაერიონ თურქები, არაბები და ესეც არის ის, რაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.
და ასევე, ყველა ინფორმაცია, რაც გაგვაჩნია, გვეუბნება, რომ ჩინეთს სურს ტაივანი. ვფიქრობ, ამერიკამ ტაივანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დატოვა, რადგან ჩვენ მთელი ჩვენი იარაღი უკრაინას გავუგზავნეთ და არა მგონია, რომ ახლა ტაივანმა შეძლოს ჩინეთის ინტერვენციის მოგერიება. თუ ჩინეთი შეიჭრება ტაივანში, ეს გაამწვავებს კონფლიქტს. ასე რომ, ეს არის სამი ცხელი წერტილი მსოფლიოში, რომელთაგან თითოეულს აქვს პოტენციალი, გადაიზარდოს მასშტაბურ გლობალურ კონფლიქტში. ეს ძალიან საშიშია“, – განაცხადა ვენსმა.