ნიკოლოზ სამხარაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონზე: ევროკომისიამ და ევროკავშირმა მიგვითითონ, რომელ კონკრეტულ ევროპულ ნორმას ეწინააღმდეგება ჩვენი კანონი და მზად ვართ, განვიხილოთ

ჩვენ შესასრულებელი გვქონდა ე.წ. 9 ნაბიჯი და აქედან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხი იყო თავისუფალ გარემოში კარგი არჩევნების ჩატარება. არჩევნები ტარდება 26 ოქტომბერს, შესაბამისად, გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული მოლაპარაკების გახსნაზე ან თუნდაც ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე მანამ, სანამ არ ჩატარდება არჩევნები, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

„ის განცხადება, რომ თითქოს რაღაცა შეჩერდა, არის სპეკულაციური. ეს პროცესი აქამდე ისედაც ვერ განახლდებოდა, სანამ არჩევნები არ ჩატარდება, სანამ ამ არჩევნების შეფასება არ მოხდება ევროკომისიისა და ევროკავშირის მიერ.

მას შემდეგ, რაც არჩევნები დასრულდება და ჩვენ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ, გამოჩნდება სად არის ხალხის ნება და სად დგას ქართველი ხალხი. ევროკომისიასთან და ევროკავშირთან საუბარი გვექნება იმაზე, რომ საქართველოსთან მოლაპარაკების გახსნას წინ სხვა თუ არაფერი უდგას და მარტო ეს კანონია პრობლემა, მაშინ მიგვითითონ, რომელ კონკრეტულ ევროპულ ნორმას ეწინააღმდეგება ჩვენი კანონი და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ. თუ მიგვითითებენ ერთ ნორმაზეც კი, რომელიც ამ კანონშია და რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ნორმას, ჩვენ მზად ვართ ეს ნორმა ამოვიღოთ კანონიდან, თუმცა, დღემდე ასეთი რამ ჩვენ არ მოგვისმენია“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს 19 მაისს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა 28 მაისს დაძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები