“ცესკოზე თავდასხმა დასტურია, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების არაღიარებისთვის” – პაპუაშვილი

“ცესკოზე თავდასხმა დასტურია, რომ ოპოზიცია ემზადება არჩევნების არაღიარებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, იგივე ხდებოდა 2020 და 2021 წლებშიც.

“ჩვენ ეს არაერთხელ გვაქვს გავლილი. სხვა რამ კი არ ხდებოდა 2021, 2020 წელს. ჩვენ ვნახეთ, ცესკოს თანამშრომლებს თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თუ არ ვცდები, ფარულავა. ემუქრებოდა ცესკოს თანამშრომლებს არჩევნების შემდეგ დასჯით. ეს ადამიანი 2020 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ აქტივისტთან ერთად, შეფუთული იყო როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასევე უცხოეთიდან ფინანსდებოდა. წარმოდგენილი იყო როგორც ზოგიერთი სხვა დღეს მოქმედი „ენჯეო“, როგორც დამკვირვებელი საარჩევნო საკითხებზე. ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წელს ვამხილეთ, გივი მიქანაძეს ჰქონდა ამაზე სპეციალური ბრიფინგი. ვამხილეთ მათი კავშირები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განყოფილება, რომელიც თავს ყიდდა, როგორც „ენჯეოდ“, იღებდა უცხოურ დაფინანსებას. ზედაპირული რომ არიან დონორები, ამიტომაცაა, რომ აფინანსებდნენ თურმე „ნაციონალურ მოძრაობას“. დღეს ვნახეთ, რომ ისინი არიან პოლიტსაბჭოს წევრები, არათუ „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი წევრები და აქტივისტები, არამედ პოლიტსაბჭოს წევრები. ახლა უკვე ამ სტატუსით თავს ესხმიან ცესკოს თანამშრომლებს. ამაში გასაკვირი არაფერია“, – განაცხადა  პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები