ალი ბაბაევი –  “არჩევნებზე  ომსა და მშვიდობას შორის უნდა ავირჩიოთ, მოვუწოდებ აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს:  უნდა ვიაქტიუროთ, ჩვენს თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს”

“26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე ომსა და მშვიდობას შორის უნდა ავირჩიოთ”,-  ამის შესახებ “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ,  ალი ბაბაევმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ბაბაევმა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა. “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიმართა და საპარლამენტო არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.

“დღეს მინდა, საქართველოში საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით ვისაუბრო. პროცესი დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. მინდა, პირველ რიგში, აღვნიშნო, რომ არჩევნებს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ეს თითქმის რეფერენდუმია. ჩვენ ომსა და მშვიდობას შორის უნდა ავირჩიოთ. უნდა ავირჩიოთ ის, თუ   რა მიმართულებით განვითარდება ქვეყანა. რა თქმა უნდა, არჩევნებზეა დამოკიდებული, რა გზით წავიდეთ, ხელებს რომ გვიქნევენ და გზას გვასწავლიან, იმ გზით, თუ ჩვენი პატრიოტული,  ტრადიციული, წინაპრების დატოვებული გზით.
დღევანდელი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ  იმ გზით, ღირებულებებით  ვიაროთ, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს.

საარჩევნო პროცესი დაიწყო, უკვე კანდიდატებს ასახელებენ, უბნებში, რაიონებში, სოფლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები მიმდინარეობს. მინდა, იმ წინდახედულ ნაბიჯებზე ვილაპარაკო, რასაც ხელისუფლება დგამს. უკან დარჩა ძალადობა, გაყალბება. ყველამ ვიცით,  როგორი არჩევნები ტარდებოდა 9 წლის განმავლობაში, იყო ზეწოლები. მარტო ამომრჩეველზე კი არა, ზეწოლები ოპოზიციის კანდიდატებზეც იყო.     გარდაბანში მაჟორიტარობის კანდიდატი თავად ვიყავი, ვიცი, რა ზეწოლები იყო, საღამოს 7-ის ნახევარზე მითხრეს, წააგეო, უკვე შევსებული ჰქონდათ,  ვის რამდენი ხმა ჰქონდა.  თქვენ იცით, ახლა როგორი არჩევნები ტარდება.

დღეს მმართველი პარტია ყველგან,!სოფლებში, ქალაქებში ლიდერობს. საარჩევნო პროცესი მიდის ყველანაირი წესების, კანონების საფუძველზე. დავდივარ როგორც ჩემს რაიონში, ნაძალადევში, ისე იმ რაიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ცხოვრობენ, ვიყავი ბოლნისში, დმანისში, ვაკვირდები, როგორ მიმდინარეობს იქ პროცესები. ხალხი დაინტერესებულია, ხმა მმართველ გუნდს მისცეს. წლების განმავლობაში ქვემო ქართლში,   სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ინფრასტრუქტურა თითქმის დაშლილი იყო, ქალაქი ქალაქს არ ჰგავდა. დღეს ქვემო ქართლის ნებისმიერ რაიონში რომ გაიაროთ, ნახავთ, როგორ მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები,  სოფლებში არის გზები, განათება. “ნაციონალების” დროს ქვემო ქართლში, 14 სოფელში ადამიანებს ელექტროენერგია არ ჰქონდათ, გაზზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. დღეს ხალხისთვის ყველაფერი კეთდება. ყველანაირი პირობებია შექმნილი,  სოფლებში ინტერნეტიც აქვთ.  მთელს  საქართველოში  ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ყველა პრობლემა, რაც წლების განმავლობაში იყო, მოაგვაროს.

მინდა, აღვნიშნო მმართველი პარტია,  დასახელებული კანდიდატები, რომლებსაც სათავეში ბატონი ბიძინა ივანიშვილი უდგას. მისი,  როგორც ქველმოქმედის საქმიანობა მსოფლიო მნიშვნელობისაა. ადამიანმა 3 მილიარდი თავის  ქვეყნის სასიკეთოდ დახარჯა, ის  დღეს ქართველი ხალხის გვერდით დგას.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების დღევანდელ დაჯგუფებებს. ისინი, თითქმის ყველა, “ნაციონალური” მოძრაობის ჯგუფები არიან, რომლებიც თავის დროზე, 9 წლის განმავლობაში თანამდებობებზე იყვნენ.   ესენი არიან გვარამია, ვაშაძე, მელია და ა.შ.   ის  ადამიანები  არიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში თავიანთ მოსახლეობას ატერორებდნენ.
გახსოვთ, ციხეებში რა ხდებოდა, ბიზნესში რა ხდებოდა, ადამიანებს აშინებდნენ, აშანტაჟებდნენ. ეს ხალხი გამოდის და ამბობს, ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო. როგორ გადალახავენ ბარიერს, 26 ოქტომბერს ვნახავთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს რეფერენდუმის დღეა. ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ომსა მშვიდობას  შორის, ომი უბედურება, ტერორი, ძალადობა გვინდა, თუ მშვიდობა  სტაბილურობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. მოვუწოდებ აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს:  ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენს თითოეულ ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენც უნდა ავირჩიოთ, უნდა ვიაქტიუროთ. მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს, რომ საქართველოში დიდი რეფერენდუმი კიდევ ერთხელ ჩატარდა, ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და მშვიდობა აირჩია”, – განაცხადა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები