ვოლსკი – პრეზიდენტზე: უამრავი ადამიანია ოპოზიციაში, რომელსაც ზიზღის გარდა ამ ადამიანის მიმართ არაფერი გამოუხატავს, როდესაც ჩვენი გუნდი იცავდა მას
„ხალხი ხედავს, რამდენად ყალბი და თვალთმაქცურია ურთიერთობა იმ ადამიანების, რომლებიც უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ სალომე ზურაბიშვილის მიმართ და დღეს [პრეზიდენტის] ქარტიაზე აწერენ ხელს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ვოლსკიმ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
დეპუტატის თქმით, მარტო გვარამიაზე არაა საუბარი.
“ნებისმიერი ავიღოთ. უამრავი ადამიანია ამ [ოპოზიციაში] ჯგუფში, რომელსაც ზიზღის გარდა ამ [სალომე ზურაბიშვილის] ადამიანის მიმართ არაფერი გამოუხატავს მაშინ, როდესაც ჩვენი გუნდი იცავდა მას, როგორც ასე, თუ ისე დემოკრატიულად არჩეულ და ნეიტრალურ ადამიანს. ფაქტია, რომ ისინი დღეს ერთად არიან და ეს თვალთმაქცობა და სიყალბე ითარგმნება იმაში, რომ ჩვენ გვთავაზობენ ხელოვნურად შექმნილ ჯგუფს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს სწადია, რომ იყოს ლიდერი. სალომე ზურაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც იმ ქოლგას გაშლის, რომელმაც უნდა გადაფაროს რადიკალური ოპოზიციის გუნდში ყველა პოლიტიკური ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის აჩრდილიც იქვე მოჰყვება, რომელიც ასევე უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ყოველთვის სალომე ზურაბიშვილს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.