“ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს” – მდინარაძე
“უკვე ჩანს, რომ საქართველოში აგენტურული ოპოზიციის გეგმები ორი მთავარი პუნქტისაგან შედგება: ეს არის პროვოკაციები, რომლებსაც მათი გათვლით, არეულობა და ქაოსი უნდა მოჰყვეს და მეორე – ქართულ არჩევნებში გარედან ჩარევები უნდათ და სჭირდებათ განცხადებებით თუ სხვა აქტივობებით, რომელიც მთავარი მაშველი რგოლი შეიძლება იყოს აგენტებისათვის”, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ახალციხეში ისაუბრა.
“არჩევნების შემდეგ უნდა იძახონ, რომ „არჩევნები გაყალბდა” და ამით გამოიწვიონ მღელვარება. თუმცა, ქართველი ხალხი, სამცხე-ჯავახეთი და სხვა რეგიონები აფორმებს მთავარ შეთანხმებას მის ხელისუფლებასთან, რომ საქართველო გარედან მართვას არასდროს შეეგუება!
რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკონ, რაც არ უნდა დაავალონ მათ გარედან, რაც არ უნდა „რუსული” ეძახონ ყველაფერ ქართულს, არჩევანი უმარტივესია ეროვნულსა და აგენტურულს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, ტრადიციულსა და გადაგვარებულს და, ბოლოს და ბოლოს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს, მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ვირჩევთ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს!”, – განაცხადა მდინარაძემ.