„სენტა პეტროლიუმი“ კეზერაშვილს ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში ადანაშაულებს

   კომპანია „სენტა პეტროლიუმი“ საზოგადოებას წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული სქემის დეტალებს უყვება. „სენტა პეტროლიუმის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ქონების დანაშაულებრივად მიტაცებაში წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მონაწილეობდნენ.
მათი განცხადებით, დავით კეზერაშვილი „სენტა პეტროლიუმის“ 80-მილიონიანი ბიზნესით 2010 წელს დაინტერესდა, რომელმაც კომპანიის მეპატრონეები, დავით მიმინოშვილი და ზაალ იაკობიძე „პიქსელის“ შენობაში დაიბარა. დავით კეზერაშვილმა, ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვიის სახელით, „სენტა პეტროლიუმს“ 24-საათიანი ულტიმატუმი წარუდგინა. კომპანიას ეძლეოდა ორი არჩევანი – ან 80-მილიონიანი „სენტა“ უნდა დაეთმოთ მეოთხედ ფასში, ან წავიდოდნენ ციხეში, საიდანაც უფასოდ დათმობდნენ კომპანიას, ხოლო 24 -საათიანი ულტიმატუმის გასვლის შემდეგ, მეოთხედ ფასს ყოველ 24 საათში მოაკლდებოდა 5 მილიონი. კეზერაშვილის თქმით, გადაწყვეტილება საბოლოო იყო, რადგან ამ ბიზნესს უკვე ჰყავდა მყიდველი.
გარიგების შედეგად, კეზერაშვილს რჩებოდა 160 მილიონი აშშ დოლარის მოგება, რაც შეთანხმებული იყო კეზერაშვილთან, ადეიშვილთან და მერაბიშვილთან. ბიზნესმენები აიძულეს, დათანხმებოდნენ ულტიმატუმს, თუმცა მათ უარი თქვეს ხელი მოეწერათ პირობაზე – არასდროს ებრძოლათ ბიზნესში დაბრუნებისთვის.1798476_10151978916799779_2068371697_n
საერთო ჯამში, „სენტა პეტროლიუმის“ მეპატრონეებს 80-მილიონიან ქონებაში მხოლოდ 6 მილიონი ერგოთ, თუმცა, კეზერაშვილმა ეს თანხაც ამოიღო გარკვეული გზებით. 2012 წლის დასაწყისში, „სენტა პეროლიუმის“ მეპატრონეებს უეცრად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ბრალი ფულის გათეთრებაში წარუდგინეს. პატიმრებს კი, გლდანის ციხეში შუაღამისას, პროკურატურის გამომძიებელმა ა. მგელაძემ მიაკითხა, რომელმაც მათ ახალი ულტიმატუმი წარუდგინა – გადაეხადათ 6 მილიონი, საიდანაც 4 მილიონი უნდა გადარიცხულიყო გირაოსთვის, ხოლო 2 მილიონით უნდა შეესყიდათ 121 კვადრატული მიწა ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში. სიტყვიერი განმარტებისას გაირკვა, რომ ამ თანხას „მერაბიშვილის ფონდი“ რაბათს მოახმარდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ულტიმატუმს არ დათანხმდებოდნენ, კომპანიის მეპატრონეებს 15-წლიანი პატიმრობა მიესჯებოდათ, მათი ქონება კი აუქციონზე გავიდოდა. მეპატრონეებს ამ შემთხვევაშიც ულტიმატუმზე დათანხმება მოუწიათ.
კომპანიის მეპატრონეების განცხადებით, სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყეს. როგორც ისინი საუბრისას აღნიშნავენ, „ადეიშვილის პროკურორის“ მიერ წარდგენილ ბრალდებაზე, მტკიცებულების არარსებობის გამო, დღევანდელმა პროკურატურამ უარი თქვა, რითაც მეპატრონეების უდანაშაულობა დამტკიცდა.
„სენტა პეტროლიუმმა“ სასამართლოს მიმართა, რის შედეგადაც დაყადაღდა „გალფის“ 60-მდე ავტოსადგური და მოძრავი ქონება. კომპანია „სენტა პეტროლიუმი“ „გალფთან“ დაკავშირებულ პირებს, სავარაუდო პარტნიორებს და კონტრაგენტებს ატყობინებს – „გალფთან“ ნებისმიერი გარიგებისგან თავი შეიკავონ. კომპანია „სენტა პეტროლიუმი“ უახლოეს მომავალში ბაზარზე დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები